- ლალი, როგორც ხშირად ხდება ჩვენში, აკადემია არ დაგიმთავრებიათ…
— დიპლომირებული ინჟინერი ვარ, „გეპეი“ მაქვს დამთავრებული, მაგრამ ეს როგორც იცით, არაფერს ნიშნავს. საერთოდ ასე ხდება ჩვენთან. ბავშვობაში ყველაფრის გადაკეთება- გადმოკეთება მიყვარდა. დრო გავიდა და იმით, რითაც ახლა ვარ დაკავებული, ინტერნეტში დავინტერესდი. წავიკითხე, მომეწონა და გავაკეთე — ასე მარტივად. მთავარია, გემოვნება გქონდეს და რასაც დააპირებ, კარგად გააკეთო. ჩემი ნამუშევრები არასოდეს გამიყიდია. თუ მოინდომებ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება: ხილის ძველი ვაზისგან ახალი დიზაინის ვაზის შექმნა ან ძველი მაგიდის განახლება, ძველი ავეჯის დეკუპაჟის სტილით მორთვა, რაც დღეს ტრენდია. მე სამკაულების გარდა, ჭაღებს და ძველებური სტილის აბაჟურებსაც ვაკეთებ. ბევრი ნივთი რომ დამიგროვდება, ალბათ, გამოფენასაც მოვაწყობ.
- თქვენი აზრით, რატომ მიუბრუნდა ადამიანი სიძველეს, რატომ დააფასა ძველი ნივთები?
— არსებობს ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელსაც უყვარს ძველი ნივთები და არიან ისეთებიც, ვისაც არ უყვარს. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს და ვაგროვებ მათ, მაგრამ ძველ ავეჯზე დეკუპაჟის გაკეთება მენანება, თანაც, გადაკეთება ძველ ნივთებს სიძველის იერს უკარგავს. ახლა, მაგალითად, პიანინოზე შემოდებულ ლამპას ვუყურებ, რომელიც ძალიან ძველია და მიყვარს. ეს ჩვენი საოჯახო ნივთია. არსებობს რაღაც ცრურწმენები, რომ ძველ ნივთებს მათი პატრონის ბედი დაჰყვებათო. მე არანაირი ცრურწმენა არ მაწუხებს და ასეთების არ მჯერა. თუ მომწონს და საშუალება მაქვს, იმ ძველ ნივთს აუცილებლად ვყიდულობ. ხელოვნებასთან შეხება მუსიკის საშუალებითაც მაქვს: ძალიან კარგად ვუკრავ, აი, ადამიანი ობიექტურად რომ იტყვის საკუთარ თავზე, რომ კარგად ვუკრავო… მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ვუკრავ ყველაფერს, რაც მესმის და რაც არ მესმის, იმასაც ვუკრავ… გული მწყდება, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი არ გახდა. მოკლედ, ახირების დონეზე მინდა შავი როიალი… მჯერა, ერთ დღესაც მექნება, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და რასაც ჩავიფიქრებ, ყველაფერს ვაკეთებ.
- სოფელში, ბუნებაში ყოფნა გიყვართ…
— დიახ, მიყვარს ბუნება, მიწასთან მუშაობა — გუშინ გავთოხნე, დავბარე, რაღაცეები გავაკეთე, მიწასთან ურთიერთობას დიდი სულიერი სიმშვიდე მოაქვს და სიცოცხლის სტიმულს დამატებით გაძლევს. ერთ დღეს გადავწყვიტეთ და მთელი ოჯახი კახეთში გადმოვბარგდით. ძირითადად უკვე აქ ვართ. ამ წუთას სიღნაღის რაიონის დაბა წნორში ვცხოვრობთ. ახლა აქ ისხვლება ვაზი, მიწა იწმინდება. ყველა ჩემი ნახელავი, ნივთები, საღებავები ყუთებში ჩავალაგე და აქეთ წამოვიღე. ბუნებაში ადამიანს ფანტაზია ეხსნება და საკუთარ თავს უბრუნდება. ძველ ნივთებს ბუნებაში ნაპოვნი და შენებურად აღქმული ხის ტოტი ან ჭრელი ქვაც ემატება, რომელშიც რაღაც ზღაპრულ პერსონაჟს „ხედავ“…
- ლალი, ნივთის მიხედვით, ალბათ, შეიძლება მის პატრონზე ან იმ დროზე ვიმსჯელოთ, როცა ის დაუმზადებიათ..
— ძველი ნივთები ბევრს არ უყვარს და გადასაყრელად იმეტებს. მე კი ეს ნივთები იმ დროს მახსენებს, როცა ქუჩებში გრძელკაბიანი, ქოლგიანი ქალბატონები დადიოდნენ, ლამფის შუქზე კითხულობდნენ და საუბრობდნენ. რომანტიულად უყვარდათ და შავ როიალთან ერთმანეთს გულწრფელ, ძველებურ რომანსებს უმღერდნენ… მოკლედ, ლამაზ, ძველ ნივთებთან ურთიერთობა ადამიანს ცვლის და მათში კეთილ საწყისს აღვიძებს…