თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილ ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბრძანება ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სახელით ქვეყნის საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)", — ნათქვამია ბრძანებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში.
უფრო ადრე საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიას, ქართული დამწერლობის სამ სახეობას და ქართულ ჭიდაობას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კონვენციის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია, დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.