— პირველი ქვეყანა, რაც მახსენდება, თუ არ ვცდები, ბულგარეთი იყო. დაახლოებით 6–7 წლის ვიქნებოდი. მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო და ჭირდა საზღვარგარეთ გასვლა, თუმცა მაინც მოვახერხეთ. იმის მერე სულ მოგზაურობაზე ვფიქრობ და ჯერჯერობით გამომდის კიდეც.
– ანუ, როგორც ადამიანების უმეტესობას, თქვენც გიზიდავთ მოგზაურობა.
— ზოგადად სიახლეები მიყვარს, ახალი ქვეყნის ნახვა კი – განსაკუთრებით. მაგრამ გამორჩეულად საყვარელი ქვეყნებიც მაქვს და ნაცნობ ქვეყნებს და ქალაქებსაც ხშირად ვსტუმრობ.
– რომელი ქვეყანაა, სადაც უამრავჯერ წახვალთ და არ მოგბეზრდებათ?
— ეს ქვეყნებია იტალია და საფრანგეთი. არასოდეს მომბეზრდება ამ ქვეყნებში ჩასვლა. ეს ის ქვეყნებია, სადაც დაუფიქრებლად გადავიდოდი საცხოვრებლად.
– ასე თავისუფლად დათმობდით ყველაფერს, წახვიდოდით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად და ნულიდან დაიწყებდით ყველაფერს?
— კი, რატომაც არა. აქაც ბევრჯერ დავიწყე ნულიდან და, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ დიდხანს არაფერი არ ეშველება, ამიტომ კარგ, დალაგებულ ქვეყანაში – რატომაც არა…
– იმ ქვეყნებიდან სადაც ნამყოფი ხართ, განსაკუთრებული არქიტექტურით და ღირსშესანიშნაობების სიმრავლით რომელს გამოარჩევდით?
— ბევრი ქვეყანა ჯერ არ მინახავს. ვგეგმავ მექსიკის, კუბის, ბრაზილიის, არგენტინის და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების ნახვას, მაგრამ იმ ქვეყნებიდან, რაც მინახავს, ვგიჟდები იტალიის არქიტექტურაზე. იტალია ჩემი სიყვარულია.
– როგორია თქვენი თვალით დანახული იტალია, რატომ შეგიყვარდათ ასე?
— კარგი ამინდი, უგემრიელესი სამზარეულო, ლამაზი ხალხი, ულამაზესი ქუჩები, შოპინგი და კარგი ღვინო… ეს იმ მიზეზთა მცირედი ჩამონათვალია, რის გამოც შემიყვარდა იტალია. ყველაზე კომფორტულად იტალიაში და საფრანგეთში ვგრძნობ თავს.
– რაც შეეხება საფრანგეთს, კერძოდ, პარიზს, თქვენი აზრით, როგორი ამინდი უხდება ამ ულამაზეს ქალაქს?
— პარიზს ყველაფერი უხდება, წვიმიანი ამინდიც და მცხუნვარე მზეც. ფრანგული ძალიან კარგად ვიცი და ერთ დღესაც მარტო წავედი პარიზში. ხუთი დღე ვიყავი სრულიად მარტო და ფეხით თითქმის ნახევარი პარიზი შემოვიარე. ცხოვრებაში ამდენი არ მივლია… მოკლედ ამ ორ ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთება გამიჭირდება.
– ალბათ ძალიან სასიამოვნოა ელისეის მინდვრებთან, ტრიუმფალურ თაღთან, მონმარტზე სეირნობა..
— კი, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. უფრო მაგარი ადგილებიც ვიცი. სენ–ჟერმენზე მიყვარს ბოდიალი და ახლა ისე მომინდა პარიზი… რას მერჩოდით, რა გინდოდათ ჩემგან?! გადაწყვეტილი მქონდა მაისამდე არსად წავსულიყავი, თუმცა, მგონი, გეგმები შემეცვალა…
– კარგით, აღარ შევეხები პარიზის თემას. წმინდა ადგილებიდან სად ხართ ნამყოფი?
— ისრაელი მომწონს და მიყვარს ძალიან. მხოლოდ იერუსალიმის გამო არა, ზოგადად მიყვარს იქ ყოფნა და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ქალაქია სტამბული. ნიუ–იორკიც მიყვარს, ლონდონიც… ვაიმე, არც კი ვიცი, რომელი ერთი გამოვყო, უკვე დავიბენი…
– სტამბულმა რით მოგხიბლათ?
— სტამბულში ერთმანეთშია შერწყმული აზია და ევროპა. ბოლო წლებში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს აზიურ გარემოში ევროპელები ცხოვრობენ. ძალიან მშრომელი ხალხია, იციან შრომის, დასვენების და გართობის ფასი. არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს სტამბულში.
– მინდა შევეხოთ უცხოურ სამზარეულოსაც. რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით და ყველაზე მეტად რომელი კერძები გიყვართ?
— ჩემი საყვარელი სამზარეულო მეგრული სამზარეულოა. არაფერი შეედრება ჭვიშტარს, ელარჯს… უცხოურიდან მიყვარს იაპონური კერძები, ზოგადად თევზეულზე ვგიჟდები. არაჩვეულებრივია იტალიური სამზარეულო, ლაზანია, პიცა.
– ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური რა გაგისინჯავთ?
— დღეს არავის გაუკვირდება, მაგრამ მაშინ ეს სასწაული იყო. 12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მოვხვდი ნიუ–იორკში და იქ გავსინჯე ლოკოკინა. შემდეგ მეც მიკვირდა, როგორ გავბედე ამის ჭამა. ეს იყო დაახლოებით 27 წლის წინ.
– ადამიანების უმრავლესობას იზიდავს ეგზოტიკური ქვეყნები, მზე, ზღვა, ცხელი ქვიშა. თქვენ შემთხვევაშიც ასეა?
— მე მზეზე მეტად თოვლი და ზამთარი მიყვარს. ზამთარში მოგზაურობას უფრო ვგეგმავ, ვიდრე ზაფხულში. მზეზე, პლაჟზე დიდხანს ვერ ვჩერდები. მაგრამ მაინც მაქვს გამოყოფილი რამდენიმე საზაფხულო კურორტი. ათი წლის წინ საუკეთესო კურორტი იბიცა მეგონა, მაგრამ დღეს ჩემი საყვარელი კურორტებია იტალიაში, ამალფის მხარეს პოსიტანო, კაპრი.
– რომელი ქვეყნის ნახვაზე ოცნებობთ?
– ძალიან მინდა ბრაზილიაში წასვლა და აუცილებლად წავალ.