ტფილელი მეთულუხჩეები და ზურგით 1 კაპიკად მიტანილი წყალი

© photo: courtesy of Levan Avlabreliტფილისიდან თბილისამდე, აბანოთუბანი, ფოტოკოლაჟი
ტფილისიდან თბილისამდე, აბანოთუბანი, ფოტოკოლაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, რომ მეთულუხჩეებს წყალი სათლებითაც დაჰქონდათ და ერთ სათლ წყალს ერთიდან სამ კაპიკამდე აფასებდნენ — იმის გათვალისწინებით, რა მანძილი ჰქონდათ გასავლელი და მტკვრის რომელი ნაპირიდან იყო წყალი აღებული.

"Sputnik-საქართველო" და კოლუმნისტი ეკატერინე მიქარიძე წარსულში დაბრუნდნენ და რუბრიკის "გასეირნება ტფილისში" ფარგლებში გამქრალი ტფილისური პროფესია — მეთულუხჩე გაიხსენეს.

გაგეცინებათ, მაგრამ ჩვენს ტფილელ წინაპრებს ცხელ წყალთან დაკავშირებით ჩვენზე გაცილებით ნაკლები პრობლემა ჰქონდათ. არც გაზის გამაცხელებელი სჭირდებოდათ და არც დენისა. მოუნდებოდათ ბანაობა და ბუნებრივი ცხელი წყაროები იქვე არ იყო? წავიდოდნენ, მექისეს ჩაბარდებოდნენ და ცოტა ხანში ახლიდან დაბადებულად გრძნობდნენ თავს.

© ეროვნული ბიბლიოთეკამეთულუხჩემ ტფილისის მაცხოვრებლებს წყალი მიუტანა
მეთულუხჩემ ტფილისის მაცხოვრებლებს წყალი მიუტანა - Sputnik საქართველო
მეთულუხჩემ ტფილისის მაცხოვრებლებს წყალი მიუტანა

კი, კომფორტი ნაკლები ჰქონდათ, სამაგიეროდ ურთიერთობები იყო ბევრად თბილი…

მოკლედ, ტფილისში ცხელი წყლის პრობლემები არ იყო, ვინაიდან ის თავისით იფრქვეოდა მიწიდან, ხოლო ცივი წყლით ქალაქელების მომარაგებაზე მეთულუხჩეები ზრუნავდნენ — ძალიან პატივსაცემი და დასაფასებელი ხალხი, ყოჩაღი ბიჭები, რომელთა მხრებზეც იდო მოწყურებულთა დარწყულების ტვირთი. ჰოდა, ქალაქიც უფრთხილდებოდა და ეფერებოდა მათ.

ვერ მიუტანდა მეთულუხჩე წყალს ვინმეს და კერძს ვერ მოამზადებდა, სარეცხს ვერ გარეცხავდა, სახლს ვერ დაალაგებდა. მეთულუხჩე "ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი" კი არ იყო, წყლის შეწყვეტამდე მოქალაქისთვის მესიჯი გაეგზავნა…

© ეროვნული ბიბლიოთეკატფილისი, მტკვრის სანაპირო
ტფილისი, მტკვრის სანაპირო - Sputnik საქართველო
ტფილისი, მტკვრის სანაპირო

ზურგით მიტანილი წყალი — ფასი 1 კაპიკი

სიტყვა "მეთულუხჩე" იმ რეზერვუარის სახელწოდებიდან წარმოსდგება, რომლითაც მათ წყალი დაჰქონდათ.

თულუხი — ეს იყო კამეჩის ან ხარის მთლიანი ტყავის ტიკი, რომელშიც დაახლოებით 16 ლიტრი წყალი ჩადიოდა.

შედარებით შეძლებული მეთულუხჩეები ტიკებს ცხენით ან ვირით დაატარებდნენ, ღარიბები კი წყალს საკუთარი ზურგით ეზიდებოდნენ.

© ეროვნული ბიბლიოთეკატფილისელი მეთულუხჩეები
ტფილისელი მეთულუხჩეები - Sputnik საქართველო
ტფილისელი მეთულუხჩეები

ამბობენ, რომ თულუხის გარდა მეთულუხჩეებს სათლებითაც დაჰქონდათ წყალი. ერთი სათლი წყლის ფასი ერთიდან სამ კაპიკამდე მერყეობდა — იმის გათვალისწინებით, რა მანძილი ჰქონდათ გასავლელი და მტკვრის რომელი ნაპირიდან იყო წყალი აღებული.

XIX საუკუნის 70–იან წლებში ტფილისში დაახლოებით 240 მეთულუხჩე იყო, რომლებიც კლიენტებისგან გასამრჯელოს კვირაში ერთხელ იღებდნენ. ანგარიში რომ არ არეოდათ, მყიდველს ხის ნაჭერს აძლევდნენ და ყოველ მისვლაზე თითო ნაჭდევს აკეთებდნენ.

მიუხედავად წყლის მზიდველებზე დიდი მოთხოვნისა, მეთულუხჩეებს სახარბიელო შემოსავალი არ ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ ამქრებში გაერთიანებულები გაფიცვებს აწყობდნენ და შრომის დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებდნენ.

© ეროვნული ბიბლიოთეკამეთულუხჩეები ტფილისში
მეთულუხჩეები ტფილისში - Sputnik საქართველო
მეთულუხჩეები ტფილისში

პირველი წყალსაქაჩი და გამქრალი პროფესია

ახლა ძნელია დაჯერება, მაგრამ იმ დროს მტკვარი იმდენად სუფთა იყო, რომ წყლის აღება რამდენიმე ადგილას შეიძლებოდა. სულ ტფილისში 12 ასეთი "წერტილი" იყო.

გადიოდა დრო. ქალაქი იზრდებოდა და სულ უფრო მეტი წყალი სჭირდებოდა. მეთულუხჩეები საკუთარ მოვალეობებს პატიოსნად ასრულებდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ქალაქელებმაც წყალსაქაჩების მოწყობა დაიწყეს. მალე ტფილისის ზოგ რაიონში წყალი უკვე მილებით მიედინებოდა. ის კი არა, 1851 წელს ქალაქის პოლიციის შენობის წინ შადრევანის მოეწყო, რომელიც 1000 სათლ წყალს იტევდა.

© ეროვნული ბიბლიოთეკატფილისი, მეთულუხჩეები მოედანზე
ტფილისი, მეთულუხჩეები მოედანზე - Sputnik საქართველო
ტფილისი, მეთულუხჩეები მოედანზე

XIX საუკუნის ბოლოს ტფილისის სათათბირომ გადაწყვიტა, წყალმომარაგების პრობლემა აღმოეფხვრა ამაზე ბლომად ფულიც დახარჯა. კვლევითი სამუშაოების ჩატარება კი ქალაქის არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვს დაევალა.

საძიებო სამუშაოები დიდუბის რაიონში დაწყებულა. რაღაც დროის შემდეგ კი წყალსაქაჩის აგება ავჭალაში გადაუწყვეტიათ. პირველი წყალსაქაჩის მშენებლობა 1883 წელს დაიწყო და 1887 წელს დასრულდა…

მერე და მერე ავჭალის წყალსაქაჩს მტკვრის გაფილტრული წყალიც დაემატა და კიდევ ერთი წყალსაქაჩიც. ასე რომ მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის ტფილელი მეთულუხჩეები თითქმის გაქრნენ.

© ეროვნული ბიბლიოთეკატფილისელი მეთულუხჩე მდინარიდან წყალს იღებს
ტფილისელი მეთულუხჩე მდინარიდან წყალს იღებს - Sputnik საქართველო
ტფილისელი მეთულუხჩე მდინარიდან წყალს იღებს

ეს ის ტფილისი აღარ არის

არადა, ტფილისელები კარგა ხანს მაინც მეთულუხჩის მიტანილ წყალს ამჯობინებდნენ მილებში წამოსულს — რაღაცნაირად არ ენდობოდნენ. ამიტომაც ქალაქის ხელისუფლებას დროდადრო წყალსადენის საჯარო პრეზენტაციების გამართვა სჭირდებოდა, რათა მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემის უპირატესობაში დაერწმუნებინა.

ვინ იცის, იქნებ საქმე უნდობლობაში არც იყო; იქნებ ტფილისელებს ქალაქის კოლორიტის დაკარგვა ენანებოდათ, ვინაიდან სჯეროდათ, რომ ტფილისი მეთულუხჩის გარეშე ის ტფილისი აღარ იქნებოდა — ისევე, როგორც მეეზოვის ან მელამპიონის გარეშე…

ყველა ახალი ამბავი
0