ალექსანდრე გელოვანი
თებერვლის აფეთქება, რომელმაც მონარქია დაამხო, გახდა რევოლუციური დინამიკის სტარტაპი, რაც დიდხანს აზანზარებდა რუსეთს და მნიშვნელოვნად შეცვალა არა მხოლოდ ყოფილი იმპერია, არამედ, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოც. სწორედ ამ დროს დაწყებული ცვლილებების ტალღაზე დაყრდნობით დაიმკვიდრა თავი ქვეყნის სათავეში იოსებ სტალინმა, რომლის მმართველობას ხშირად თვითმპყრობელობასაც ადარებენ.
თებერვალი მასების სტიქიური აღტყინებით დაიწყო. „პურის ბუნტებს“, ომის საწინააღმდეგო მიტინგებს, დემონსტრაციებსა და მუშათა გაფიცვებს ხელისუფლებამ კაზაკები დაუპირისპირა. შეხლა-შემოხლაში დაიღუპნენ ადამიანები. სისხლისღვრამ გაამხეცა ბრბო, ხალხი არსენალში შეიჭრა და იარაღი (150 ათასი შაშხანა) დაიტაცა. სამხედროებმა იმპერატორს უღალატეს — დედაქალაქის მრავალათასიანი სამხედრო გარნიზონი (130 ათასი ჯარისკაცი) ქუჩაში გამოსულ ამბოხებულ მასებს შეუერთდა. საყოველთაო გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. რევოლუციის მხარეს გადასულმა ჯარმა სამთავრობო შენობები და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები დაიკავა. მთავრობამ სამხედრო ნაწილები, რომლებიც მის ერთგულებას ინარჩუნებდნენ, აჯანყების ჩასახშობად ფრონტიდან მოხსნა, მაგრამ მათ პეტროგრადამდე ვერ ჩააღწიეს. მეფის ხელისუფლებამ ძალაუფლება დაკარგა. 1 მარტს (ძველი სტილით) შეიქმნა დროებითი მთავრობა პრემიერ-მინისტრ თავად გეორგ ლვოვის ხელმძღვანელობით. პარალელურად მუშათა და ჯარისკაცთა საბჭომ აირჩია აღმასრულებელი კომიტეტი კარლო ჩხეიძის თავმჯდომარეობით. 2 მარტს ნიკოლოზ მეორის ტახტიდან ფორმალური გადადგომის შემდეგ ძალაუფლება ამ ორმა ორგანომ გაიყო.
დღეს ისტორიკოსთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ 1917 წლის დასაწყისისთვის რუსეთში რევოლუცია გარდაუვალი იყო. მისი წარმატება განაპირობა მმართველი კლასის მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა, ლიბერალურ-ბურჟუაზიული წრეების უკმაყოფილებამ იმპერატორის პოლიტიკით. მიუხედავად ამისა, რევოლუცია სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა იმდროინდელი როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პოლიტიკური წრეებისთვის. ნადეჟდა კრუპსკაია იხსენებდა, რომ როდესაც შვეიცარიაში მყოფმა ლენინმა რევოლუციის შესახებ გაიგო, წამოიძახა: „ეს გამაოგნებელია, ნამდვილი სიურპრიზი!“
ციმბირის ქალაქ აჩინსკში, სადაც იმ დროს იოსებ ჯუღაშვილი გადასახლებაში იმყოფებოდა, მომხდარი რევოლუციის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თაობაზე იუსტიციის მინისტრ ალექსანდრ კერენსკის ბრძანება მოვიდა. სტალინი, თავის გადასახლებულ ამხანაგებთან ლევ კამენევთან და ვერა შვაიცერთან ერთად, დედაქალაქისკენ გაემგზავრა.
თეორეტიკოსი VS პრაქტიკოსი
სოციალ-დემოკრატთა სხვა ლიდერებთან შედარებით სტალინი ნაკლებად პოპულარული იყო. ალბათ ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, თითქოს ოქტომბრის გადატრიალებამდე სტალინი ნაკლებად მნიშვნელოვანი პერსონა იყო პარტიაში. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. რევოლუციური საქმიანობის დასაწყისიდანვე ჯუღაშვილმა გამოამჟღავნა არაორდინარული ორგანიზატორული თვისებები — ის ბრწყინვალე მენეჯერი იყო. პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების, ხელმძღვანელობისა და კოორდინირების, გაფიცვებისა და დემონსტრაციების ორგანიზებისა თუ იატაკვეშა სტამბების ფუნქციონირების უზრუნველყოფის გარდა „კობა“ წარმატებით ართმევდა თავს ისეთ საქმიანობას, როგორი იყო პარტიისათვის ფინანსების მოპოვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მას ებარა, პარტიული უსაფრთხოება იყო. ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ კავკასიელს. „გრძნობები უცხო იყო მისთვის, — ჰყვებოდა მისი ერთი ამხანაგი, — როგორც არ უნდა ჰყვარებოდა ვინმე, არასოდეს აპატიებდა პარტიის საქმის გაფუჭებას — ცოცხლად გაატყავებდა“. ცარისტული რეაქციის წლებში სტალინს უმკაცრესი წმენდა აქვს ჩატარებული პარტიის ამიერკავკასიის ბიუროს რიგებში.
აქტიური და წარმატებული რევოლუციური საქმიანობის გამო ჯუღაშვილი იმთავითვე მოექცა იმპერიის სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეს ცხოვრების კონსპირაციულ სტილს მოითხოვდა. სტალინს არ ჰქონდა მუდმივი მისამართი, თანაპარტიელებმა თვეობით არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. მათთვის მხოლოდ მისი მეტსახელი — კობა იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, მას ხშირად აპატიმრებდნენ და უშვებდნენ გადასახლებაში, საიდანაც სისტემატურად გარბოდა. მის ავტორიტეტს ესეც ამაღლებდა.
ახალგაზრდა ჯუღაშვილის მენეჯერული წარმატებები მნიშვნელოვანწილად მისი ბუნებრივი ქარიზმით იყო განპირობებული. იგი მაგნიტივით იზიდავდა მიმდევრებს და დიდ ყურადღებასაც აქცევდა მათ. მას პოლიტიკური მეგობრობის ნიჭი ჰქონდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის წინსვლაში. უამრავი ერთგული მხარდამჭერის წყალობით ის ჯერ კიდევ 1910 წლამდე გახდა ლენინის შემდეგ პარტიაში ლამის მეორე კაცი. 1912 წლიდან ჯუღაშვილს პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ვხედავთ.
სტალინი, მისივე სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, „პრაქტიკოსი“ იყო, „შავი სამუშაოს“ ექსპერტი და არა „მოლაყბე ინტელიგენტი“, თუმცა, სინამდვილეში სწორედ ამ ორივე თვისების გამო იყო გამორჩეული. მის თეორიულ პუბლიცისტიკას, განსაკუთრებით, ეროვნულ საკითხებში მაღალ შეფასებას აძლევდა ლენინი. კობა ერთხანს ბოლშევიკების მთავარ გაზეთ „პრავდასაც“ რედაქტორობდა. ზოგიერთ თანამედროვე მკვლევარსაც კი მიაჩნია, რომ მის ნაშრომებს უფრო მაღალი ფილოსოფიური ღირებულება გააჩნიათ, ვიდრე ლენინისას. მართალია, ინტელიგენციის წამომადგენლებს ის ნაკლებად უყვარდათ, მაგრამ აღიარებდნენ, რომ ძალინ ენერგიული და საჭირო კაცი იყო.
და, ბოლოს, ყველაზე მთავარი, რაც სტალინს ახასიათებდა, იყო საკუთარი გამორჩეულობის, განსაკუთრებული მისიის, მაღალი დანიშნულების რწმენა, რომელსაც ლამის ბავშვობიდან ამჩნევდა ყველა, ვინც მას იცნობდა. ის საკუთარ თავს აღიქვამდა, როგორც მუშათა კლასის ჯერ უცნობ, მაგრამ ღირსეულ ლიდერს — „გრაალის რაინდს“, როგორც მისი მეგობარი სპანდარიანი ამბობდა.
თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო
მატარებლით ოთხდღიანი მგზავრობის შემდეგ 12 მარტს სტალინი თანამგზავრებთან ერთად პეტროგრადში ჩავიდა. ქალაქში რევოლუციური არეულობა სუფევდა. ყველგან მიტინგები და გამოსვლები იყო. შეიარაღებული მუშები, ჯარისკაცები და მატროსები სასახლის კუთვნილი „როლს-როისებით“ დაქროდნენ და დროშებს აფრიალებდნენ. მეძავები და ქურდებიც კი შეკრებებს აწყობდნენ და საბჭოებს ირჩევდნენ. რესტორნები სროლების დროსაც კი არ იხურებოდა, მუშაობდა თეატრებიც. „ამ აღგზნებულ კარნავალში, ეიფორიის იმ დღეებში ხვევნა-კოცნა და სექსუალური აქტებიც კი პირდაპირ ქუჩებში ხდებოდა“, — წერს ორლანდო ფაიჯესი, რუსული ისტორიის ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი.
რუსეთში 25 ათასი ბოლშევიკი იყო, მათ შორის ათასი — ვეტერანი აქტივისტი. როცა იმპერატორი გადადგა, მათი ლიდერები გადასახლებებში ან ემიგრაციაში იმყოფებოდნენ: ლენინი და მარტოვი — შვეიცარიაში, ბუხარინი და ტროცკი — ნიუ-იორკში. დაბნეულ ბოლშევიკებს 27 წლის სტუდენტი მოლოტოვი და 33 წლის პეტროგრადელი მუშა შლიაპნიკოვი მართავდნენ. მათ ლენინის მკაფიო ინსტრუქცია მიიღეს: ომი უნდა დამთავრდეს. თუმცა, დროებითი მთავრობა მეფისდრონდელ იმპერიალისტურ განზრახვებზე უარის თქმას არ აპირებდა და თავდაცვითი ომის გაგრძელებაზე ლაპარაკობდა.
სტალინმა ჩასვლისთანავე მოვლენების ცენტრს მიაშურა. პარტიის რუსეთის ბიუროს 12 მარტის ოქმში ვკითხულობთ: „სტალინთან დაკავშირებით, მოხსენიებულ იქნა, რომ იგი წარმოადგენს სასურველ პირს ცკ-ის ბიუროში, ვინაიდან 1912 წლიდან ცკ-ის აგენტი იყო, მაგრამ მისი დამახასიათებელი ზოგიერთი პიროვნული თვისების გამო ცკ-ის ბიურო ჩამოყალიბდა – მოიწვიოს იგი სათათბირო ხმის უფლებით“. ამის მიუხედავად მეორე დღეს სტალინი „პრავდის“ რედკოლეგიაში შეიყვანეს. კიდევ ორი დღის შემდეგ კი ხსენებული ბიუროს სრულუფლებიანი წევრი გახდა, აირჩიეს ბიუროს პრეზიდიუმში და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში ბოლშევიკების წარმომადგენლად დანიშნეს. „მე თავიდან მომიშორეს, — წერდა მოლოტოვი. — სტალინმა და კამენევმა დელიკატურად, მაგრამ ოსტატურად დამამარცხეს. მათ მეტი ავტორიტეტი ჰქონდათ და ჩემზე ათი წლით უფროსები იყვნენ, ამიტომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე“.
ლენინი, რომელიც არ ფლობდა რეალურ ვითარებას დედაქალაქში, შორეული შვეიცარიიდან ამაოდ უტევდა დროებით მთავრობას და დაუყოვნებლივ ზავს მოითხოვდა. სტალინი და კამენევი კომპრომისულ ვარიანტს ეძებდნენ. 16 მარტს „პრავდაში“ დაიბეჭდა სტალინის სტატია „ომის შესახებ“, რომელშიც იგი აკრიტიკებდა ლოზუნგს „ძირს ომი!“ და მოუწოდებდა დროებით მთავრობაზე ზეწოლისკენ „მის მიერ საზავო მოლაპარაკებების დაწყების სურვილის გამოხატვის შესახებ დაუყოვნებელი განცხადების გაკეთების მოთხოვნით“. „ასეთმა პოზიციამ პეტროგრადელი ბოლშევიკების აღშფოთება გამოიწვია, ხოლო როდესაც პროლეტარებმა გაიგეს, რომ „პრავდა“ ხელში ჩაიგდო ციმბირიდან დაბრუნებულმა „პრავდის“ სამმა ყოფილმა ხელმძღვანელმა (სტალინი, კამენევი, მურანოვი), მათი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვეს“, — იხსენებდა 1925 წელს შლიაპნიკოვი. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ იყო.
გადასახლებიდან დაბრუნებული ძველი ბოლშევიკები, რომლებიც პეტროგრადის საბჭოში მენშევიკებთან და ესერებთან ერთად შედიოდნენ, დროებით მთავრობასთან თანამშრომლობისკენ იხრებოდნენ. ფართო მასებში ჯერ კიდევ ძლიერი იყო პატრიოტული მუხტი. ალბათ ამ განწყობების გავლენით ჩამოყალიბდა სტალინ-კამენევის პოზიცია, რომლის თანახმად, დემოკრატიული რევოლუცია ჯერ არ იყო დასრულებული და, ამდენად, ხელისუფლების დამხობა არ წარმოადგენდა პირველი რიგის პრაქტიკულ ამოცანას. მოგვიანებით ტროცკიც აღიარებდა, რომ სტალინი „ბევრი ძველი ბოლშევიკისა და მენშევიკთა უმეტესობის ფარულ ზრახვებს გამოხატავდა“.
სტალინ-კამენევის პოზიციის გადასაფარად ლენინმა დაწერა „წერილები შორიდან“, რომელთაგან პირველი „პრავდამ“ 21 და 22 მარტს დაბეჭდა, მაგრამ რედაქციამ ტექსტი შეკვეცა: ამოიღო კრიტიკული დებულებები დროებითი მთავრობისა და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს მენშევიკი და ესერი ლიდერების შესახებ. ბოლშევიკი პარტიული მუშაკების სრულიად რუსეთის შეკრებაზე (27 მარტი–2 აპრილი) სტალინი გამოვიდა მოხსენებით „დროებით მთავრობასთან დამოკიდებულების შესახებ“, რომელშიც მოვლენათა ფორსირების საფრთხეზე ისაუბრა და დროებითი მთავრობისადმი პირობითი მხარდაჭერის პოლიტიკის გატარება მოითხოვა. ირაკლი წერეთლის მიერ შემოთავაზებული მენშევიკებისა და ბოლშევიკების გაერთიანების თაობაზე წინადადებისადმიც იგი უფრო დადებით პოზიციას აფიქსირებდა, ვიდრე უარყოფითს, განსხვავებით ლენინისგან, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავდა „შერიგებას“.
3 აპრილს ლენინი ემიგრაციიდან დაბრუნდა. გერმანიის გენშტაბმა გადაწყვიტა, რომ მისი რევოლუციური ჟინი რუსეთის ომში დამარცხებას შეუწყობდა ხელს და დასაბრუნებლად მატარებელი გამოუყო. პეტროგრადის სადგურში სტალინი ეტლით დახვდა ლენინს. არ არის ცნობილი, რაზე ილაპარაკეს მათ ეტლში, მაგრამ სტალინმა კიდევ რამდენიმე ხანს შეინარჩუნა ლენინის ოპოზიცია. რევოლუციონერებმა ცნობილ, ოღონდ მანამდე იდუმალებით მოსილ ლენინს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს – მიტინგით, დროშებით, სასულე ორკესტრით, მარსელიოზით. ეს გასაგებიცაა: გმირად წარმოჩენა მისი გერმანიასთან კავშირის მისაჩქმალად სჭირდებოდათ. წითელარმიელთა საპატიო ყარაულმა ლენინი სადგურის სასტუმრომდე მიაცილა, სადაც მას კარლო ჩხეიძე შეეგება. ლენინმა ჯავშანმანქანიდან მიმართა ხალხს. მან მკაფიოდ დააფიქსირა საპარლამენტო რესპუბლიკისა და დემოკრატიული პროცესის მიუღებლობა ბოლშევიკებისთვის. გამოსვლა მეხის გავარდნას ჰგავდა, ყველა შოკირებული იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ლენინი შეიშალა. ტროცკის შეფასებით, „ბოლშევიკები არ იყვნენ მზად ლენინისთვის“.
ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ ლენინის შვეიცარიიდან ჩამოსვლამდე, ოცდაორი დღის განმავლობაში სტალინი პირველი თუ არა, ორიდან ერთ-ერთი პირველი პირი იყო პარტიაში. თუ მსოფლიო ომის დაწყებამდე ბოლშევიკები წამყვანი ძალა იყვნენ დედაქალაქის პროლეტარიატში, ახლა მუშათა საბჭოებში მათ მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობა ჰქონდათ. პოპულარული ლიდერების არყოფნის პირობებში სტალინმა შეძლო დაბნეული პარტიის ერთიანობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ გარკვეული მობილიზებაც. მისი მოქმედებები გონივრული, რეალისტური და ზომიერი იყო და ლენინთან ოპოზიციაც ამას ადასტურებს. ლენინის და სხვა სახელმოხვეჭილი ლიდერების დაბრუნების კვალდაკვალ ის ერთგვარად ჩრდილში მოექცა. მაშინ მან უკანა პლანზე გადაინაცვლა და ვიდრე სხვები მგზნებარე გამოსვლებით ცდილობდნენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, სტალინი პარტიულ ორგანიზაციებთან აგრძელებდა მუშაობას და საკუთარ მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდაზე ზრუნავდა. მართლაც, პარტიის მეშვიდე კონფერენციაზე (24-29 აპრილი) ის 97 ხმით მესამე ადგილზე იყო ლენინისა და ზინოვიევის შემდეგ. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა — ამ კონფერენციაზე სტალინმა მხარი დაუჭირა „მიმდინარე მომენტის შესახებ“ ლენინისეულ რეზოლუციას.