თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სტუდენტებმა უფასო ფაკულტეტები არა გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე არ უნდა აირჩიონ და არ გამორიცხავს, რომ უფასო ფაკულტეტების რიცხვი შემცირდეს.
დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 21 უფასო ფაკულტეტია. მინისტრის აზრით, ბოლო პერიოდში უფასი ფაკულტეტები ერთგვარი თავშესაფარია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა სპეციალობებზე ჩარიცხვა ვერ მოახერხეს.
„უმეტეს შემთხვევებში უფასო ფაკულტეტებზე აკადემიური მოსწრება საკმაოდ დაბალია. მე მინდა, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლა აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული. უფასო ფაკულტეტი — ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ შენ სწავლობ, რეალურად ეუფლები პროფესიას, რომელზეც მიდის საუბარი“, — განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან.
მინისტრის სიტყვებით, ამ მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტების დაფინანსების ახალ სქემაში ცვლილებები აუცილებლად შევა.
„უფასო ფაკულტეტებზე იმ სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, რომლებიც რეალურად სწავლობენ და შედეგს აჩვენებენ“, — ხაზგასმით აღნიშნა ჯეჯელავამ.
საქართველოში 2013 წლამდე არ არსებობდა უფასო ფაკულტეტები. დღეს უფასო სწავლება იმ სპეციალობებზეა შესაძლებელი, რომლებიც კადრების დეფიციტს განიცდიან.
2017-2018 სასწავლო წელს უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აპრილის თვეში გახდება ცნობილი.