თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ესპანეთში გარდაიცვალა საქართველოს სამეფო დინასტიის შთამომავალი, თავადი ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელი, აღნიშნულია საქართველოს სამეფო კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი ბავარიელი და ბურბონი იყო ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის და მისი მესამე მეუღლის, ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII-ის დის, ინფანტა მარია ტერეზასა და ბავარიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ფერდინანდ ბავარიელის (ვიტელსბახის) ასულის — მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბურბონის ვაჟი.
ბაგრატ ბატონიშვილი დაიბადა 1949 წლის 12 იანვარს. ესპანეთში მისი სრული სახელი ასე გამოითქმის: მისი სამეფო უმაღლესობა, დონ ბაგრატ დე ბაგრატიონ დე ბურბონ ი დე ბავიერა, საქართველოს, ბავარიის და ესპანეთის პრინცი, მისი აღმატებულება ესპანეთის გრანდი.
ბატონიშვილ ბაგრატს დარჩა ორი შვილი: იოანე (ხუან) და ინეს ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილები.
"სამეფო კლუბი უსამძიმრებს ბატონიშვილ იოანეს და მისი ოჯახის წევრებს ბაგრატ ბატონიშვილის გარდაცვალების გამო", — ნათქვამია განცხადებაში.
ბაგრატ ბატონიშვილი გარდაიცვალა 20 მარტს, მამის, ბატონიშვილ ირაკლის დაბადების წინა დღეს, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ეს ცნობილი 22 მარტს გახდა.