ნინი რაზმაძე
- რამდენი ხანია რაც ხატავ?
— ბავშვობიდან ვხატავ. ჩემთვის ხატვა ბევრად მეტია, ვიდრე გატაცება. ხელოვნებაში ვპოულობ სწორედ სულის საზრდოს, რომელიც თითოეულ ადამიანს ჰაერივით ესაჭიროება. შესაბამისად, ამ სფეროს ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.
დედაჩემის მონათხრობიდან ვიცი, რომ ხატვა თითქმის წერასთან ერთად დამიწყია, ვხატავდი პრიმიტიულად, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩემი ნამუშევრები სხვა ბავშვების ნახატებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. ზოგადად, ბავშვების უმეტესობას გული გარეთ მიუწევთ მეგობრებთან სათამაშოდ, თუმცა, ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო. ყოველთვის მერჩივნა ვმჯდარიყავი და მეხატა. მახსოვს, ერთ დღეს ქართულის მასწავლებელმა შემოგვთავაზა საკუთარი თავისთვის წერილი მიგვეწერა, რომელსაც 10 წლის შემდეგ წავიკითხავდით. მეც გულმოდგინედ შევუდექი იმაზე ფიქრს, თუ რა შეიძლებოდა დამესახა მიზნად, რაზე უნდა მეოცნება და საერთოდ რა შეიძლებოდა რომ მეთქვა საკუთარი თავისთვის. როცა წერილი დავწერე 15 წლის ვიყავი და 25 წლის ასაკში გავხსნი. მახსოვს რაც იმ წერილში ჩავწერე, ეს უფრო გეგმას ჰგავდა და მასში ერთ-ერთი პუნქტი ხატვასაც დავუთმე. ყოველთვის მინდოდა სიცოცხლეშივე ცნობილი მხატვარი გავმხდარიყავი და არა სიკვდილის შემდეგ, როგორც უამრავი მხატვრის შემთხვევაში მოხდა. ერთი ოცნება უკვე ავისრულე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ეკონომიკის ფაკულტეტზე. თუმცა, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმის, რის გაკეთებაც მინდა.
- რატომ დაინტერესდი ებრუთი?
— მართალია, დიდი ხანია ვხატავ, თუცა არასდროს ისე არ დავინტერესებულვარ ხატვის პროცესით, როგორც ებრუს შემთხვევაში. ფურცელზე ხატვის დროს მთავარია ის თუ რას დახატავ საბოლოოდ, წყალზე ხატვისას კი უმთავრესი და ყველაზე სასიამოვნო თავად ხატვის პროცესია. ნამდვილი საოცრებაა როცა უყურებ, როგორ ირევა ერთმანეთში კონტრასტული ფერები, როგორ მოძრაობენ ისინი, როგორ იკვეთება სილუეტები. აკვირდები, და ხვდები, რომ ისინი მოძრაობენ და ამბავს გიყვებიან მთელი თავისი არსით, ფერები ცეკვავენ და ყურადღებას ითხოვენ, გაიძულებენ უცქირო მთელი ყურადღებით, რომ არცერთი დეტალი ცნობიერების მიღმა არ დარჩეს, უყურებ და ხვდები, რომ ამ ხელოვნებამ შენი გული სამუდამოდ მიიტაცა. სწორედ ეს ვიგრძენი მაშინ, როცა პირველად ვნახე ებრუს ხელოვნება, ეს იყო Garip Ay-ს ნახატი ,,Van Gogh on Dark Water” და მივხვდი, რომ ეს ხელოვნება აუცილებლად უნდა მესწავლა.
- ვინ გასწავლა წყალზე ხატვა?
— არავინ დამხმარებია. ებრუს ხელოვნებით დაინტერესების შემდეგ, მოვიძიე საჭირო სპეციფიკური ხელსაწყოები, რომლებიც სპეციალურად ამ ხელოვნებისათვის მზადდება და რა თქმა უნდა საღებავები, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ვერცერთ მათგანს ვერ ვიპოვიდი. მასწავლებელზეც ვიფიქრე, დავიწყე ძებნა სოციალურ ქსელებში, სანაცნობოში, თუმცა, ვერავინ ვიპოვე ქართველი ებრუს მხატვარი, რომელიც შეძლებდა ესწავლებინა ჩემთვის ეს ხელოვნება. საღებავების პრობლემა მალევე გადაიჭრა, ჩემმა უსაყვარლესმა მამიდამ ლია სარიშვილმა გამომიგზავნა ეს ყველაფერი რუსეთიდან და მისი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, ის რომ არა, ვერ შევძლებდი წყალზე ხატვას. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მასწავლებელი You Tube-ი იყო. სწორედ აქედან ვსწავლობდი წყალზე ხატვას. სოციალურ ქსელში დავამატე ძალიან ბევრი ადამიანი (უცხოელები), ვინც დაკავებულია ამ ხელოვნებით და ვცდილობდი მათგან მიმეღო ინფორმაცია. ამ მხრივ მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა Xenia Sulimenko-ს (ქსენია სულიმენკო), რომელიც მაძლევდა რჩევებს თუ როგორ უნდა გავმკლავებოდი წყალზე ხატვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
- შენი პირველი ნახატი წყალზე…
— პირველი ნახატი წყალზე? რა თქმა უნდა, ეს დღე მახსოვს. როცა მამიდას გამოგზავნილი საღებავები და ებრუს ხელოვნებისათვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ჩემამდე მოვიდა, მაშინვე უნდა დამეტესტა, ვეღარ ვითმენდი, ჰოდა ავიღე ქვაბი, ჩავასხი წყალი და გადავწყვიტე ყვავილები დამეხატა. საღებავის წყალზე ყოველი დაწვეთებისას ისეთი აღტაცებული ვიყავი, რომ ემოციებს ვერ ვმალავდი. ამ ექსპერიმენტს მთელი ჩემი ოჯახი ვუცქერდით. საბოლოოდ ნახატი კარგი გამოვიდა, მაგრამ შემეშინდა ნახატი ფურცელზე კარგად რომ არ გადასულიყო. ფრთხილად დავაფარე ფურცელი წყლის ზედაპირს და ამოვიღე ისე, რომ არც შემიხედავს და როცა ჩემი ოჯახის წევრების აღფრთოვანებული შეძახილები გაისმა, მივხვდი, რომ გამომივიდა და თამამად შევხედე ნახატს. ახლაც საპატიო ადგილზე მაქვს შენახული წყალზე დახატული ჩემი პირველი ყვავილები.
- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული წყალზე ხატვა?
— წყალზე ხატვა რამდენადაც საინტერესოა, იმდენად რთულია. წყალზე ხატვისას მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესისთვის თანამდევი სირთულეების გადასაჭრელად შენეული ხრიკები შეიმუშავო. წყალზე ხატვის დროს უპირველესი და უმთავრესი დაბრკოლება წყლის კონტროლია. ფერები მართლაც რომ ცეკვავენ წყლის ზედაპირზე, თუმცა თუ მხატვარი გადაწყვეტს რაიმე კონკრეტული ნახატის შექმნას, მაშინ მან უნდა აკონტროლოს წყალი, უნდა აკონტროლოს საღებავები, რომ ზუსტად ის რაოდენობა გამოიყენოს, რაც საჭიროა. ეს კი ხშირ შემთხვევაში ძალზე რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. თუ მოინდომებს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წყალზე ხატვა.
- რის მიხედვით არჩევ რა უნდა დახატო?
— თითოეული ჩემი ნამუშევარი — წყალზე თუ ფურცელზე შექმნილი ძალიან მიყვარს. ძირითადად მაშინ ვხატავ, როცა მუზა მომდის. შეიძლება ითქვას, რომ ხატვისკენ ორი რამ მიბიძგებს — მუზა და დაკვეთა. პირველ შემთხვევაში მუშაობის პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა, ესაა მომენტი როცა ფუნჯს თავად ნებდები და სრულ თავისუფლებას აძლევ. ხოლო შეკვეთის შემთხვევაში დამკვეთი მეუბნება ზოგად იდეას. რაც შეეხება იმას, როგორ გადავიტან ამას ტილოსა თუ ფურცელზე, ეს უკვე ჩემი წარმოსახვისა და ფანტაზიის პრეროგატივაა.
- მუშაობის პროცესი როგორია?
— წყალზე ხატვა — ებრუ, ესაა ფერადი პიგმენტების წვეთებად შერევის ხელოვნება. შესაბამისად, მთელი მომხიბვლელობა სწორედ მუშაობის პროცესშია.
- პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილე ხარ, რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილება?
— „ნიჭიერში“ მონაწილეობა იმ მარტივი მიზეზის გამო გადავწყვიტე, რაც თავიდანვე ვახსენე — მინდა სიცოცხლეში პოპულარული მხატვარი გავხდე. აგრეთვე მინდოდა, რომ ებრუს ხელოვნება არა მარტო მე მესწავლა, არამედ საქართველოშიც გამევრცელებინა. „ნიჭიერში“ მონაწილეობა ყველაფერთან ერთად, ჩემი მშობლების დიდი სურვილიც იყო.
- კონკურის შესახებ მოგვიყევი?
— პროექტ „ნიჭიერში“ თავდაპირველად ქასთინგზე მივედი, რომელიც ეთერში არ გასულა. ეს ეტაპი სხვებთან შედარებით ბევრად რთულად გადავლახე, პრობლემის წინაშე დავდექი. თუ მაყურებლის წინაშე ამ ნომრით წარვდგებოდი, ის აუცილებლად ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯობდა საერთოდ უარი მეთქვა პროექტზე. საბოლოოდ შევძელი და ვძლიე შიშს, გამოვედი პირველ ტურში ქასთინგზე. მახსოვს სცენაზე გასვლისას როგორ მიკანკალებდა ხელები, მაგრამ მუსიკა როგორც კი ჩაირთო, ყველაფერი გაქრა. დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი მაგიდა, სადაც ყველაფერი ის მქონდა, რაც ბედნიერებას მანიჭებდა. უამრავი ადამიანი მწერდა სოციალურ ქსელში, მეუბნებოდნენ რომ მოეწონათ ებრუს ხელოვნება, რომ მოუთმენლად ელიან რას დავხატავ შემდეგ ტურში და ა.შ. პროექტის ნახევარფინალში მოხვედრა ძალიან დიდი გამარჯვება იყო. ჩემთვის უმთავრესი მიზანი ქართული საზოგადოებისათვის ებრუს ხელოვნების გაცნობა იყო და მე ეს მოვახერხე. პირველ ტურში ყვავილები დავხატე, ნახევარფინალში კი ბევრად რთულ საქმეს შევეჭიდე — ეს იყო ფიროსმანის,,მეთევზე“.
- საქართველოში რამდენად პოპულარულია წყალზე ხატვა?
— საქართველოში წყალზე ხატვის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თითქმის არავინ იცოდა. „ნიჭიერში“ სწორედ ჩემი გამოსვლის შემდეგ გახდა ეს ხელოვნება პოპულარული საქართველოში და ვფიქრობ ებრუს ძალიან დიდი მომავალი აქვს საქართველოში.
- ებრუს ხელოვნება როგორც ვიცი თურქული წარმოშობისაა?
— დიახ ასეა და ამ ხელოვნებამ მალევე ჰპოვა პოპულარობა ჯერ თურქეთში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. წყალზე ხატვას თავდაპირველად მხოლოდ წიგნების ყდების და ბარათების გასაფორმებლად იყენებდნენ, მოგვიანებით, მხოლოდ ყვავილებს ხატავდნენ. დღეს ეს ხელოვნება ყოველგვარ ჩარჩოებს გასცდა და მხატვარს შეუძლია ხატოს ის, რაც მოესურვება. ნებისმიერი ნახატის დახატვა შეიძლება წყალზე, მხოლოდ თავისებური სპეციფიკით. ამ ხელოვნებაში პირადად ყველაზე მეტად მიყვარს თითოეული ნამუშევრის უნიკალურობა, ვინაიდან როგორც არ უნდა ეცადო იდენტურ, ზუსტად ერთნაირ ორ ნახატს ვერასოდეს ვერ დახატავ, ყოველი ნამუშევარი ერთადერთი და უნიკალურია.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
— სამომავლოდ, ზოგადად, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, თუმცა, წყალზე ხატვას რაც შეეხება, ძალიან მსურს წყალზე ხატვის სკოლის გახსნა, სადაც ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული ადამიანი წყალზე ხატვას შეისწავლის.