თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, განუცხადეს "Sputnik საქართველოს" თურქეთის ძიუდოს ფედერაციაში.
უზნაძე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს 2013–2016 წლებში ხელმძღვანელობდა. გასული წლის ოქტომბერში ამ თანამდებობაზე ის პეკინის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ შეცვალა.
თავის დროზე უზნაძე თურქეთის სახელით ასპარეზობდა. სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოსვლისას ის 2002 წელს მარიბორში ევროპის ჩემპიონი გახდა, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოვიედოში 1998 წელს და პარიზში — 2001 წელს.
ძიუდოს ევროპის კავშირმა (EJU) 2014 წელს უზნაძე ევროპის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა.
უზნაძეს თურქეთის ნაკრებთან მუშაობაში დავით ასუმბანი დაეხმარება, რომელთან ერთად ის ქართულ გუნდს წვრთნიდა.