სამი დღით გალერეის სივრცე იქცა ფანტასტიკურ ცირკ–ნაკრძალად სახელწოდებით „გრუზლანდია“. „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ალიონა საველიევა დაესწრო ღონისძიებას და ქართული მოდის სამყაროში აღმოჩნდა.
არტ–პროექტი „გრუზლანდია“ — შვიდი სლოტია, თითოეული მათგანი საქართველოს გარკვეულ რეგიონს წარმოადგენს. რია ქებურიას მოგონილ ქვეყანაში მოგზაურობა კახეთით იწყება, შემდეგ მოდის რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შემდეგ აფხაზეთი, გურია და სამეგრელო, და ბოლოს არის აჭარა და იმერეთი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „გრუზლანდიის“ ბინადარნი არიან გამოგონილი პერსონაჟები — ჰიბრიდები. პროექტის ავტორის თქმით, ეს არსებები ხასიათის თვისებებით და ისტორიული წარსულით საქართველოს სხვადასხვა მხარეების თავისებურებებს ასახავენ.
რია ქებურია: „ჩვენი პერსონაჟები — უსულო არსებებია, რომლებიც ტრანსფორმაციით შეიქმნა. მე ავიღე ჰიბრიდების თემა, რადგან ამ ისტორიისთვის გარკვეული დრამატიზმის მინიჭება მინდოდა. „გრუზლანდიის“ მცხოვრებნი აპოკალიფსის მოლოდინში არიან, და საკუთარი თავის წარმოჩენის და მაყურებლის გაკვირვების ბოლო შანსი აქვთ. ისინი საკუთარი ტერიტორიის მძევლები არიან, ამიტომაც ისინი გალიებში მოვათავსეთ. ეს ჰიბრიდები ლამაზები და მრავალფეროვნები არიან და თავს მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ იციან, რომ მალე ეს ყველაფერი დასრულდება“.
ერთი შეხედვით ექსპოზიცია შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰიბრიდების გალიების ირგვლივ რამდენიმე წრის შემოვლის შემდეგ თითოეული რეგიონის ისტორიით იჟღინთები. ეს არის კაშკაშა კახეთი და კახელები, რომლებიც მხიარულებითა და ქართული სუფრის ტრადიციებით არიან ცნობილი. ან მშვიდი გურია, რომელიც ტყუპების სახით არის შექმნილი და ძმობისა და ურთიერთდახმარების ერთგვარი გამოხატულებაა. იმერეთის ქალაქური თემატიკა და აჭარის მარტოსული სირინოზი, ტანადი მეგრელი ქალები და ამაყი აფხაზები — ასე აქვს წარმოდგენილი „გრუზლანდია“ რია ქებურიას.
ქებურია არამარტო დიზაინერების სამოსს წარმოადგენს, არამედ მაყურებელს საქართველოს აცნობს — ყველა სლოტ–რეგიონს საინფორმაციო აბრა აქვს, რომელიც მოგვითხრობს ამ მხარის მცხოვრებთა შესახებ, ზოგან კი ქართული კულტურის ატრიბუტები — ყანწი ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი არის წარმოდგენილი.
რია ქებურია: „თითოეულ უჯრედში შვიდი დიზაინერის ნაწარმოებია თავმოყრილი: სამოსით დაწყებული აქსესუარით დამთავრებული; ასე იქმნება მოდელი–ტრანსფორმერები. მაგალითად, ბლუზა ერთ დიზაინერს ეკუთვნის, შარვალი მეორეს, ხოლო ქამარი მესამეს. გარდა ამისა, ყველა ნივთი ერთმანეთთან ელვაშესაკრავით არის დაკავშირებული, რადგან ამ კოლექციის მთავარი ამოცანაა — კოლაბორაციის შექმნა, სხვადასხვა დიზაინერისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ერთად თავმოყრა“.
ასე რომ, მაყურებელმა იხილა ჯაბა დიასამიძის ბაროკო და დიანა ქვარიანის იმპრესიონიზმი, უტა ბექაიას ზოომორფია და ცხოველური სიმბოლიზმი, მკაცრი დადაიზმი დარია ურკინეევას გაგებით, ირაკლი რუსაძის კონსტრუქტივიზმი და Nakahara და I-O-U–ს ერთობლივ ნამუშევრებში ასახული თანამედროვე ხელოვნება. ჩვენებაში მონაწილე ყველა ნივთი საგანგებოდ ამ პროექტისათვის შეიქმნა. და მიუხედავად თავისი უჩვეულობისა, სამოსის უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებას მშვენივრად მიესადაგება. რაჭველების კოსტიუმები, რომელიც რაღაცით ოფისისთვის დამახასიათებელ დრეს-კოდს მოგვაგონებს, იმერლების დინამიური სამოსი, აჭარელი გოგონას ნაზი იერსახე და აფხაზების შავ–წითელი საღამოს სამოსი. კოლექციაში რუხი ფერი სხვადასხვა ვარიაციაში დომინირებს — ვარდისფერთან, წითელთან, შავთან და ყვითელთან შეხამებაში.
ანასტასია ომელჩენკო, გალერეის მფლობელი: „ჩვენი გალერეა 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, არტ–პროექტი „გრუზლანდია“ ჩვენთვის მეორე ფეშენ–ჩვენებაა. როდესაც პროექტის კონცეფციის შესახებ შევიტყვე, მისი იდეა მაშინვე მომეწონა და მის მზადებას შევუდექით. რია — შესანიშნავი დიზაინერია, მაგრამ მან გადაწყვიტა აღარ შეკეროს სამოსი, უკვე არსებული სამოსიდან სხვადასხვა ისტორიები შექმნას და გალერეაში განათავსოს, სადაც სამოსი ექსპონატად იქცევა. როდესაც ხელოვნება მუზეუმში ხვდება, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იმატებს. ეს პროექტი გულისხმობს ფეშენ–ინდუსტრიის გალერეაში შეტანას, სადაც ის უკვე თანამედროვე ხელოვნებად იქცევა“.
პერფორმანსის შემდეგ, რომელიც გამოფენის პირველ დღეს გაიმართა, დიზაინერის შემოქმედების გაცნობა დამთვალიერებელს ჰოლოგრამებისა და ვიდეოეკრანების საშუალებით შეეძლო.
არტ–პროექტ „გრუზლანდიის“ ფარგლებში წარმოდგენილი სამოსის კოლექციის შეძენა მოსკოვში იქნება შესაძლებელი.