თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს ცხოვრების ღირებულების ინდექსის თანახმად, საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ხუთეულში მოხვდა.
ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. ცხოვრების ღირებულების ინდექსი არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ბინის ქირა.
საქართველოს ინდექსი, რომელიც 121 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილას აღმოჩნდა, 27,37 შეადგინა. შარშან საქართველოს ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში შედიოდა და 28,71–ის ტოლი ინდექსით მეშვიდე ადგილს იკავებდა.
ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ეგვიპტე ინდექსით 22,36, მეორეზე ინდოეთი — 25,08, მესამეზე უკრაინა — 26,22 და მეოთხეზე პაკისტანი — 27,18.
ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში ასევე საქართველოს უახლოესი მეზობელი აზერბაიჯანი მოხვდა, რომლის ინდექსმა 27,76 შეადგინა. ამ ინდექსით აზერბაიჯანმა მეექვსე ადგილი დაიკავა. შემდეგ მოდის სირია — ინდექსი 28,31 და მოლდოვა — ინდექსი 28,37, რომლებმაც შესაბამისად მეშვიდე და მერვე ადგილები დაიკავეს.
მეცხრე და მეათე ადგილები გაინაწილეს ტუნისმა ინდექსით 28,74 და მექსიკამ — 29,81.
რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მეზობლებს, რუსეთის ინდექსმა 42,01 შეადგინა (41–ე ადგილი), თურქეთის — 38,60 (32–ე ადგილი) და სომხეთის — 33,87 (19–ე ადგილი).
ყველაზე ძვირი ღირს ცხოვრება ბერმუდის კუნძულებზე (146,19), შვეიცარიაში (122,06), ისლანდიაში (111,71), ნორვეგიაში (106,31) და ბაგამის კუნძულებზე (104,05).
ათეულში ასევე შევიდნენ ვირჯინიის კუნძულები (85,86), იაპონია (85,28), იტალია (83,70), დანია (83,02) და სინგაპური (82,41).
Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება.