თბილისი, 20 მარტი — Sputnik. პეტრე ჩაიკოვსკისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები შესრულდება კონცერტზე, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20 მარტს გაიმართება.
კონცერტს წარმოადგენს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, საღამოს სტუმარია ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი.
სცენაზე შესრულდება გია ყანჩელის ლეგენდარული ლიტურგია "ქარით დატირებული" ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. კომპოზიტორმა ის 1989 წელს შექმნა და მეგობრის — მუსიკათმცოდნის, ფილოსოფოსისა და მწერლის გივი ორჯონიკიძის ხსოვნას მიუძღვნა.
გიორგი ცაგარელი გია ყანჩელის მუსიკის ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. თავად ავტორმა რამდენიმე წლის წინ ალტისა და ფორტეპიანოსთვის ოცი მინიატიურა პირადად ცაგარლისთვის და ნიკოლოზ რაჭველისთვის შექმნა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვყავს მსოფლიო დონის ალტისტი გიორგი ცაგარელი. ვინაიდან იგი გახლავთ ქართველი, ჩემი ნაწარმოებების მისეულ შესრულებაში ვგრძნობ იმას, რაც თითქმის არასდროს მიგრძვნია სხვა ბრწყინვალე შემსრულებლების დაკვრისას და მე მისი მადლობელი ვიქნები ყოველთვის", — მოჰყავთ გია ყანჩელის სიტყვები პროექტის ორგანიზატორებს.
კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდება პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია N6 "პათეტიკური". ეს კომპოზიტორის უკანასკნელი სიმფონიაა, რომელსაც ის 1893 წლის თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე წერდა. სახელწოდება "პათეტიკური" პეტრე ჩაიკოვსკის ძმამ, მოდესტმა შესთავაზა. სიმფონიაში ერთმანეთს სიკვდილ–სიცოცხლის საყოველთაო და ღრმა თემები უპირისპირდება.
საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ილია ინაიშვილი უდირიჟორებს.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მსახიობთა ორგანიზაციის The Artists Union CONCEPTART ორგანიზებით მიმდინარეობს.