თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ეგვიპტელმა იმან აჰმად აბდულათიმ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმეწონოსან ქალად მიიჩნეოდა, ინდოეთის კლინიკაში გატარებული 5 კვირის განმავლობაში 140 კგ დაიკლო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო PTI-ზე დაყრდნობით.
თავის მხრივ, PTI იმ ჰოსპიტალის მონაცემებს ეყრდნობა, რომელშიც აბდულათი მკურნალობს.
ეგვიპტელი ქალის ტრაგედიაზე გასული წლის ოქტომბერში ტელეარხი Al Arabiya-ც იუწყებოდა. ექიმები 36 წლის ალექსანდრიელი ქალის მდგომარეობას აღწერდნენ როგორც „სპილოს დაავადებასა“ და „ჯირკვლების მანკს“.
გარდა ამისა, იმან აჰმად აბდულათიმ ინსულტი გადაიტანა და საწოლსაა მიჯაჭვული.
გასული წლის ბოლოს ქალის მდგომარეობას მუმბაელმა ექიმმა მუფაზალ ლადკავალამ მიაქცია ყურადღება, რომელიც ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგიის სპეციალისტია, და სურვილი გამოთქვა, დახმარებოდა აბდულათის. რის შემდეგაც, მიმდინარე წლის 11 თებერვალს იმანი სპეციალური რეისით ჩააფრინეს ინდოეთში.
იმანს 7 მარტს კუჭის ოპერაცია გაუკეთეს და 15%-ით დაუპატარავეს მისი მოცულობა. ექიმებმა მას ასევე ამოკვეთეს ცხიმის დიდი ნაწილი და ქალს ცხიმიანი საკვების მიღების უნარი შეუმცირეს.
„ახლა იმანი 358 კილოგრამს იწონის“, — ციტირებს სააგენტო მუმბაიში მდებარე კლინიკა Saifee Hospital-ის განცხადებას.
ეგვიპტელი ქალბატონი ამ დროისათვის სპეციალურ დიეტაზეა: ორ საათში ერთხელ მის ორგანიზმში მილაკებით შეჰყავთ სოიოს რძეზე დამზადებული პროტეინული კოქტეილი, ვინაიდან ინსულტის შემდეგ იმანს ყლაპვა უჭირს.