— რაც უფრო ხშირად გავდივარ საქართველოდან, უფრო და უფრო ვხვდები, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი, ჩემი სახლი, ჩემი ოთახი ყველაზე ძვირფასია მთელს მსოფლიოში. როცა აქ ვარ ამ სიყვარულს ვერ ვგრძნობ.
ძალიან გურმანი ვარ და აქედან გამომდინარე პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ვსტუმრობ ამ ქვეყნის სამზარეულოს და ვაგემოვნებ ჩემთვის უცნობ კერძებს. შემდეგ სიამოვნებით ჩამომაქვს სხვადასხვა სანელებლები, ინგრედიენტები, ზოგჯერ გასტრიტი და კუჭის წყლულიც ჩამომაქვს, მაგრამ უმეტესად მაინც ჩამომაქვს ინგრედიენტები.
- შემდეგ თქვენ თვითონ ამზადებთ ამ კერძებს?
— კი ვცდილობ მოვამზადო, მაგრამ ამ მცდელობის შემდგე სამზარეულო საშინელ დღეშია ხოლმე და დგას მერე სამი ქალი და ალაგებს. ძალიან მიყვარს ბავარიული სამზარეულო, რადგან ახლოს არის ქართულ სამზარეულოსთან.
- ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური რა გაგისინჯავთ?
— საბერძნეთში წინა სააღდგომოდ ბოლო ერთი კვირა არის თევზის კვირა. ამ დროს ყველა თევზეულს და ზღვის პროდუქტებს მიირთმევს. სწორედ ამ დროს ათენში ვჭამე ნახევრად ცოცხლად მომზადებული რვაფეხა. იაპონური მეთოდით იყო დამზადებული. ნახევარი ცოცხალი იყო, ნახევარი გრილზე შემწვარი. ნახევარი საათი ვღეჭავდი. თუ კარგად გაწმენდ, მოაცილებ კანს, რომელიც არის ძალიან თხელი უსიამოვნო სუნი აღარ ექნება. ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები არასოდეს ვამბობ უარს ექსპერიმენტებზე. ისე მიყვარს თევზეული შემწვარ სირინოზსაც კი შევჭამდი.
- სამზარეულოს გარდა რას ეცნობით უცხო ქვეყანაში?
— ამას გარდა, ყველა ქვეყანაში ვცდილობ მოვძებნო ჩემი კოლეგები, ასე ვთქვათ ჩემი ჭკუის ხალხი. ძალიან მიყვარს ქუჩის მუსიკოსებთან ხეტიალი და „ბირჟაობა“. ძალიან ბევრ ქვეყანაში, ის ადამიანები ვინც დგანან ქუჩაში და უკრავენ, ყველა კვალიფიცირებული მუსიკოსია. ისინი წინასწარ გადიან შემოწმებას. არის სპეციალური სამსახური, სადაც უსმენენ მუსიკობს და ამოწმებენ არიან თუ არა კვალიფიციური მუსიკოსები.
- და თუ არ არიან?
— არ მისცემენ ქუჩაში დგომის და დაკვრის უფლებას. არა კვალიფიცირებულმა მუსიკოსმა ქუჩაში არ უნდა შეაწუხოს ხალხი უხარისხო მუსიკით. მათ გამვლელებს გემოვნებიანი მუსიკა უნდა შესთავაზონ. იქ კარგად იციან ჯერ სწავლის, შემდეგ შრომის ფასი. ქუჩაში დაკვრა არ ითვლება სირცხვილად. მე რა რომ ქუჩაა? სანამ დიდი სცენები და აუდიტორიები იქნებოდა ქუჩაში და ბუნებაში უკრავდა ხალხი. ინსტრუმენტი უფრო კეთილშობილად ჟღერს ბუნებაში, ვიდრე დახურულ სივრცეში. ბუნებას მისი წილი უნდა უწილადო. არ შეიძლება ბგერა ოთახში გამოკეტო. მაყურებელი თავის წილს მიიღებს, დანარჩენი ბუნებისაა. მეც სიამოვნებით დავდგებოდი ქუჩაში და ხალხს მოვასმენინებდი ჩემს მუსიკას. ერთ მშვენიერ დღეს, რომ დამინახოთ ქუჩაში, გიტარით ხელში არ გაგიკვირდეთ. მადრიდში მე და ჩემმა მევიოლინემ გადავიღეთ სურათი. შუა ქუჩაში დავსხედით ასფალტზე, წინ ქუდები დავილაგეთ და გადავიღეთ სურათი. მოყვა ამას ფეისბუქზე ამბავი, გვწერდნენ–რა გაგიჭირდათ ამისთანა და ა.შ. ხალხმა სერიოზულად აღიქვა, ეგონათ, რომ ვმათხოვრობდით.
- რეალურად არცერთ ქვეყანაში არ დაგიკრავთ ქუჩის მუსიკოსთან ერთად?
— არ გაქვს უფლება, ვერ მიუჯდები გვერდით. ის თავის სამუშაოს ასრულებს და ხელი არ უნდა შეუშალო. ნებისმიერ მუსიკოსს, გიტარისტს, მაგალითად ესპანეთში, რომელიც ქუჩაში უკრავს დიდი სიამოვნებით მივებარებოდი მოწაფედ.
- ვიცი, რომ კონცერტების გამო ხშირად დადიხართ საზღვარგარეთ. დასასვენებლად რამდენად ხშირად ახერხებთ წასვლას?
— საზღვარგარეთ არასდროს არ ვყოფილვარ დასასვენებლად. სულ ჩემი „მეგობარი“ გიტარის გამო მიწევს საზღვარგარეთ სიარული. ჩემი ოცნებაა მოვკიდო ჩემს მეუღლეს, შვილებს ხელი და ერთი კვირით მაინც წავიდეთ სადმე დასასვენებლად.
ეხლა ვიყავით ისრაელში. ათი დღის წინ ჩამოვედი. პირველ აპრილსაც მაქვს მიუნხენში კონცერტი.
- რომელ ქვეყანას გამოარჩევდით, როგორც ყველაზე სტუმართმოყვარეს?
— ყველა ქვეყანა სტუმართმოყვარეა, რადგან როცა ჩავდივართ იქ ჩვენი ემიგრანტი ქართველები გვხვდებიან. ჩვენ რეალურად მათთვის მივდივართ, თორემ რა იცის ვიღაც ჰანსმა, ან ჟოზეფმა ვინ არის ხვიჩა მაღლაკელიძე? ჩავდივარ ქართველებთან. ერთმანეთზე უკეთესი დახვედრა და მიღება აქვთ. ბოლოს ისრაელში, რომ ვიყავით წმინდა მიწაზე წაგვიყვანეს. მთელი იერუსალიმი მოგვატარეს ფეხით. ამაზე კარგი რა უნდა გაგიკეთოს ადამიანმა. ეს წესად აქვთ იქაურ ქართველებს.
- რომელია თქვენი ფავორიტი ქვეყანა, რომლითაც განსაკუთრებით მოიხიბლეთ?
— ყველა ქვეყანას აქვს თავისი ხიბლი, თუმცა ამ მხრივ გერმანიას გამოვყოფდი. თავისუფალი და განსხვავებული ქვეყანაა. დრეზდენი არის საოცრება. ეს არის ახალი და ძველი ქალაქის შერწყმა. ომის პერიოდის ნანგრევებზე აღმოცენებულია ახალი ქალაქი. ძველი ყველაფერი შენარჩუნებულია, სპეციალურად გადალაქულია ძველი გადამწვარი შენობები, თუმცა შიგნით აღმოცენებულია თანამედროვე, საოცარი შენობები.
გამაოცა თათრეთის დედაქალაქმა, ყაზანმა. ეს არის მუსულმანური და ქრისტიანული კულტურის ულამაზესი შერწყმა, თავისი არქიტექტურით. რაღაც შენობა დავინახე, მფრინავი თეფში მეგონა, თურმე თოჯინების თეატრი ყოფილა. საოცარი არქიტექტურა აქვთ და ძალიან კარგად უვლიან.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე უცნაური სახელმწიფო კანონი, რაც უცხო ქვეყანაში შეგხვედრიათ?
— გერმანიაში ბავშვს რომ მოეფერო, ან მიაშტერდე და დაჟინებით დაუწყო ყურება დედას შეუძლია პოლიციას დაუძახოს და გიჩივლოს. ჩემი და ცხოვრობს გერმანიაში. 3–4 წლის წინ ვიყავი სტუმრად ჩასული. მე, ჩემი და და დის შვილები წავედით ბაღში სასეირნოდ. ამ დროს დავინახე ბავშვი, რომელიც ძალიან გავდა ჩემს უმცროს შვილს ილიკოს, იმდენად მენატრებოდა ბავშვი, მისი სიყვარულით მივედი და ამ გერმანელ ბავშვს მოვეფერე. უეცრად მივხვდი, რომ ვერ ვქენი კარგი ამბავი. უნდა გენახათ ამ ბავშვის გაოცებული თვალები, იმდენად დაიბნა, რომ ხმაც ვერ ამოიღო, დედამისსაც ვერ უთხრა, რომ უცხო კაცი მოეფერა. სამაგიეროდ ჩემმა დის შვილმა ისე მიჩქმიტა თეძოდან ხორცი ამომიღო. გამომათრია იქიდან, მივიდა ჩემს დასთან აღშფოთებული და უყვებოდა როგორ მოიქცა ბიძამისი. საბედნიეროდ ბავშვის დედამ ეს ფაქტი ვერ შენიშნა, თორემ პრობლემები არ ამცდებოდა.
- რატომ, რა მიზეზით იკრძალება ბავშვების მოფერება?
— იქ მოჭარბებულად არის პედოფილია. ბავშვების სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრეულ ასაკში იწყება. როცა ბავშვს დაჟინებით აკვირდები, ან ეფერები ჰგონიათ, რომ სხვა მიზანი გამოძრავებს.
- რომელ ქვეყანაში ოცნებობთ მოგზაურობაზე?
— არ ვარ ნამყოფი ჩინეთში და ძალიან მინდა წასვლა. მიყვარს ეგზოტიკური საჭმელები, მათი კულტურა. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იაპონიაში. ვიცი, რომ იქ სულ სხვა პლანეტაა, სულ სხვა მენტალიტეტი და კულტურა. ძალიან მინდა ჩრდილოეთ კორეაში წასვლა. იქ ჯერ კიდევ სოციალიზმია და ჩუჩხეს იდეოლოგიაა. ვიცი, რომ ტურისტებისთვის დაკეტილია, ძალიან რთულად თუ მოხვდები იქ. ეხლაც კი ყავთ დატყვევებული ამერიკელი ტურისტი, რომელმაც მათი ბელადის პლაკატის მოპარვა სცადა. სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამერიკაც კი ვერაფერს გახდა და ვერ გამოიხსნა ეს ტურისტი.