ლადო გუდიაშვილი, ამადეო მოდილიანი და განაწყენებული პოლონელი გრაფინია

გამოწერა
1975 წელია, ჟურნალ "საუნჯეში" ვმუშაობ შესანიშნავი ლიტერატორების გარემოცვაში. ეს ის დროა, როცა ღრუბელივით ვისრუტავდი ყველაფერს რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. შემოდგომის ერთ წვიმიან დილას მთავარმა რედაქტორმა ,კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მიხმო და ლადო გუდიაშვილთან მიდიხარ ინტერვიუს ასაღებადო, მითხრა.

კარგად ვიცოდი, რომ ბატონი ლადო იშვიათად თანხმდებოდა ამგვარ რამეებს, მაგრამ აქ, ეტყობა, ბატონი კონსტანტინეს ავტორიტეტმა გაჭრა და შეხვედრაც შედგა. ეს პატარა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, მცირედით განსხვავდება მისი ცხოვრების იმავე ეპიზოდისგან, რომელიც მოგონებების წიგნშია შესული. ვერ დავიჩემებ, რომ მე უკეთ ვიცი რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ პარიზულ კაფეში მოხდა, უბრალოდ, მოვყვები ისე, როგორც მოვისმინე და დამამახსოვრდა (სამწუხაროდ, ჟურნალ "საუნჯეში" დაბეჭდილი ეს ინტერვიუ ვერ მოვიძიე).

მოგეხსენებათ, ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე 1919 წელს ნახევრად სამგზავრო და ნახევრად სატვირთო იტალიური გემით "ფრანს ჟოზეფი" საფრანგეთში გაემგზავრენ სასწავლებლად. იმ წლებში პარიზში ქართველ მხატვართა მცირე კოლონია შეიქმნა. ლადოს და დავით კაკაბაძის გარდა აქვე იმყოფებოდნენ შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი. ადრე გარდაცვლილი შალვა ქიქოძის გარდა ყველანი დაუბრუნდნენ სამშობლოს და ყველამ თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრა ქართული ხელოვნების განვითარებაში. გუდიაშვილი პარიზში სწავლობდა რონსონის ე.წ. "თავისუფალ აკადემიაში", დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში. პარიზში განთქმული "ლა რუშის" მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარიც გახლდათ. აქ ის ხვდება იმ დროის გამოჩენილ ხელოვანებს ამადეო მოდილიანის, პაბლო პიკასოს, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. სწავლასა და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია და მალე წარმატებამაც არ დააყოვნა, მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის "პრადოს" მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა.

© ალიონა საველიევალადო გუდიაშვილის ნახატი
ლადო გუდიაშვილის ნახატი - Sputnik საქართველო
ლადო გუდიაშვილის ნახატი

სხვა მხატვრებთან ერთად ბატონი ლადოც მონმარტრზე მდებარე კაფე "როტონდას" ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის მეტწილად ამადეო მოდილიანთან ერთად ჩნდებოდა. ერთ დღესაც კაფეში შემოსულა უმშვენიერესი პოლონელი გრაფინია სამხედრო ფორმაში გამოწყობილ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად. ერთ მათგანს უკითხავს, ვინ არის აქ ყველაზე ცნობილი მხატვარიო.

ბარმენს მოდილიანისკენ მიუთითებია. იმავე ოფიცერმა ამადეოს მიაშურა და გრაფინიას პორტრეტის დახატვა შესთავაზა. მოდილიანი უკვე ავად იყო, სასმელს ეძალებოდა და იმ დროსაც გვარიანად ნასვამი გახლდათ, თუმცა, ეს მისი ჩვეული მდგომარეობა იყო და მაშინვე ხატვას შეუდგა. რამდენიმე საათში დასრულებული პორტრეტი შემკვეთებს წარუდგინა. ნახატი მისთვის ჩვეულ სტილში იყო შესრულებული, გედივით წაგრძელებული ყელი, ხოლო თვალების ადგილზე ცის ფერი. თურმე აღშფოთებულან არა მარტო ოფიცრები, არამედ თავად გრაფინიასაც დაუწუნია ნახატი, ეს მე არ ვარო, განუცხადებია. მხატვარს ფული არ დაუტოვეს და ისე წავიდნენ. მოდილიანს ჩაუღიმია (ვინ-ვინ და მან კარგად იცოდა თავისი ფასი), ლადოსკენ მოტრიალებულა და უთქვამს: „ჩემო ლადო, ამ ნახატის ფასი მხოლოდ შენ იცი, მინდა ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს“. ასე მოხვდა ბატონი ლადოს კოლექციაში ამ დიდი მხატვრის ნამუშევარი.

© © Sputnik/ А. Свердловლადო გუდიაშვილის ნახატის "ცხვრის გაპარსვა" რეპროდუქცია
ლადო გუდიაშვილის ნახატის ცხვრის გაპარსვა რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
ლადო გუდიაშვილის ნახატის "ცხვრის გაპარსვა" რეპროდუქცია

ჩემი ამ სტუმრობისას კიდევ ერთი რამ გავიგე: თურმე, გუდიაშვილი ცისფერყანწელების ჯგუფის წევრი ყოფილა. ერთხელაც ამათ ლადო გუდიაშვილისთვის უთხოვიათ, ჩვენი ჟურნალისთვის რაიმე დაგვიხატეო. ლადოს ნიამორები დაუხატავს და მიუტანია. მხატვარს ჟურნალის რედაქტორისთვის ვალერიან გაფრინდაშვილისთვის უთქვამს, ნიამორებს უყვართ სივრცე და ნავარდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ ისინი და, მოდით, თქვენს ჟურნალსაც "მეოცნებე ნიამორები" დაარქვითო. ასე გახდა ჟურნალის ნათლია ლადო გუდიაშვილი. ლადო გუდიაშვილს საფრანგეთში ყოფნისას ბევრი საინტერესო ამბავი გადახდენია, რად ღირს თუნდაც პაბლო პიკასოსთან, ანრი მატისთან და იმ ეპოქის სხვა დიდოსტატებთან მისი ურთიერთობა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია… ამას კი თქვენი ნებართვით პაბლო პიკასოს სიტყვებით დავასრულებ: "ყველა ბავშვი მხატვარია, რთული კი სიყმაწვილის ასაკიდან გამოსვლის შემდეგაც მხატვრად დარჩენაა". ლადო გუდიაშვილმა ეს შეძლო…

ყველა ახალი ამბავი
0