თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ქალაქის ქუჩებში საბურავების დაყრასთან დაკავშირებით კონტროლის გამკაცრება დაავალა.
თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე შესაბამისი დავალება შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიღეს.
„დავალების შესაბამისად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს - ფიზიკური და იურიდიული პირები, დედაქალაქის ქუჩებსა და კომერციული ფართების წინ საბურავების დაყრის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული წესით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად“, — ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.
თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან და ძველი საბურავები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსონ.