ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia–ზე

გამოწერა
მოდების ჩვენებაზე საქართველოს წარადგენენ გოგა ნიქაბაძე, თაკო მექვაბიძე, ბრენდი KETIone, PORTNOY BESO, Aka Nanita და ბრენდი Mach&Mach–ი.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ცნობილი და ნიჭიერი ქართველი დიზაინერები თავის შემოქმედებას Mercedes-Benz Fashion Week Russia–ს ჩვენებაზე წარმოადგენენ, რომელიც მოსკოვში 12–17 მარტს ტარდება.

მოსკოვის ერთ–ერთი ყველაზე მოდური მოვლენა საგამოფენო დარბაზ „მანეჟში“ ტარდება, რომლის სცენაზეც გამოდის 50–ზე მეტი დიზაინერი რუსეთიდან, საქართველოდან, იტალიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი უჩვენებენ შემოდგომა–ზამთრის და მიმდინარე სეზონის კოლექციებს. 

მოდების ჩვენებაზე საქართველოს წარადგენენ გოგა ნიქაბაძე, თაკო მექვაბიძე, ბრენდი KETIone, PORTNOY BESO, Aka Nanita და ბრენდი Mach&Mach–ი.

რუსეთის დიზაინერთა შორის არიან ვიაჩესლავ ზაიცევი, იულია დალაქიანი, იგორ ჩაპურინი, იგორ გულიაევი, არტიომ შუმოვი, იულია ნიკოლაევა, უკრაინელი დიზაინერი იასია მინოჩკინა და სხვები. ახალი სეზონის დებიუტანტებს შორის მოდური მარკებია Isabel Garcia (იტალია), Komod-ი და Blue Jasmine.

მოსკოვში გოგა ნიქაბაძეს მოდის კრიტიკოსების, ბლოგერებისა და თანამედროვე მოდის მიმდევარი ქალების საყვარელ დიზაინერად მიიჩნევენ. წარმოშობით ბათუმელმა დიაინერმა თავისი პირველი კოლექცია 14 წლის ასაკში შექმნა. უკვე 2001 წელს კი შეიქმნა მისი ბრენდი GOGA NIKABADZE. სლავა ზაიცევის საყვარელი მოწაფე ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს საქართველოში ქმნის. ბრენდის გზავნილია „ჭკვიანური ფუფუნება“, ტანსაცმელი ტრენდების ნამდვილი მოყვარულებისთვის, სადაც ერთმანეთს ერწყმის კოსტიუმის შექმნის ევროპული სკოლა და ოდნავ შესამჩნევი აღმოსავლური აქცენტი. 

პრემიუმ–კლასის ბრენდი KETIone პოპულარული ჯგუფის A'STUDIO–ს სოლისტის ქეთი თოფურიას მიერ არის შექმნილი. მას გამოარჩევს ელეგანტურობა, ქალურობა, დეკორის მინიმალიზმი და ფერთა კონტრასტული პალიტრა. კოლექციის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია — კროპ–ტოპები,  საღამოს კაბები შთამბეჭდავი დეკოლტეთი, მოცულობითი ჟაკეტები და ვიწრო ბოლოკაბები.

ქართული მოდური ბრენდი Mach&Mach–ის უკან დიზაინერი დები — გვანცა და ნინა მაჭარაშვილები დგანან (Gvantsa Mach და Nina Mach). გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა — დიპლომირებული ექიმი. თავისი მარკა გოგონებმა 2012 წელს შექმნეს. Mach&Mach — ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწინო კაბების ბრენდი, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

თაკო მექვაბიძე Mercedes-Benz Fashion Week Russia-ს წინა სეზონის დებიუტანტია. ქართველი დიზაინერის კოლექციების მთავარი მოტივია სილამაზის, კულტურისა და ტრადიციების ნატიფი აღქმა, რაც განსაკუთრებით შთაგონებულია მუსლიმანურ ქვეყნებში მოგზაურობით.

მოდის სახლი Aka Nanita საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ შექმნილი მოდელების ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის წყალობით ძალზე პოპულარული გახდა. მარკა Aka Nanita წარმოდგენილია უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში.

გარდა ამისა, მოსკოვის „მოდის კვირეულის“ სტუმრები საღამოს კაბების რუსული ბრენდის Portnoy Beso-ს კოლექციის ნახვას შეძლებენ, რომლის დამფუძნებელიც და კრეატიული დირექტორიც ქართველი ბესო ტურაზაშვილია. ბრენდში Portnoy Beso შერწყმულია რუსეთისა და საქართველოს არისტოკრატიული მოტივები ახლო აღმოსავლეთის არტის ელემენტებით.

Mercedes-Benz Fashion Week–ის პოდიუმზე მიმდინარე მოვლენებზე თვალის დევნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია ვებ-გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით.


ყველა ახალი ამბავი
0