კინო თბილისში: რა ვნახოთ 16–19 მარტს

გამოწერა
„მზეთუნახავის და ურჩხულის“ დიდიხნის ნანატრი ეკრანიზაცია, თავზეხელაღებული კომედია Pattaya და ფსიქოპათ კევინის საშიში სამყარო - ეს ყველაფერი თბილისის კინოში.

 „Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა ამ უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ. 

16 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

 „მზეთუნახავი და ურჩხული“ (Beauty and the Beast) — რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრული მუსიკალური ფილმი და Walt Disney Animation Studios კინოკომპანიის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის რემეიკი, რომელიც ჟან–მარი ლეპრენს დე ბომონის ზღაპარს ეფუძნება. ბოროტმა ჯადოქარმა პრინცი ადამი საზიზღარ ურჩხულად აქცია, იმიტომ რომ ის იყო ბოროტი, თავდაჯერებული და უხეში. ჯადოქრობას თავი რომ დააღწიოს, მან უნდა შეძლოს გახდეს კეთილი, შეძლოს სიყვარული და იყოს საყვარელი. ეს მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ჯადოქრის მიერ ნაჩუქარ ვარდს ბოლო ფურცელი არ ჩამოვარდება. ამაში კი მას შორეულ სოფელში მცხოვრები ლამაზი გოგონა, სახელად ბელი დაეხმარება. გოგონას როლს ფილმში ცნობილი ემა უოტსონი ასრულებს.

საინტერესო ფაქტი: პერსონაჟი ლეფუ — დისნეის ფილმებში პირველი გეი–პერსონაჟია. ერთსქესიანთა ურთიერთობების სააშკარაოზე გამოტანას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა კინოთატრმა, მათ შორის, აშშ-ის (ალაბამას შტატში), ამ მიზეზის გამო ფილმის დემონსტრირებაზე უარი განაცხადა. 

Split — რეჟისორ მ. ნაიტ შიამალანის ამერიკული ფსიქოლოგიური ფილმი. დღისით–მზისით ხალხმრავალი პარკინგიდან სამ მოზარდს იტაცებენ. გამტაცებელი კევინი — პიროვნების დისსოციატიური მრავლობითი აშლილობის მქონე ადამიანია. მასში 23 სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის პიროვნება ცოცხლობს. სანამ მძევლები ტყვეობაში ჰყავს, კევინში ყველაზე ამაზრზენი 24–ე პიროვნება იღვიძებს, რომელსაც „მხეცს“ უწოდებენ. მთავარ როლში გადაღებულია ჯეიმს მაკევოი.

საინტერესო ფაქტი: ფილმში მთავარი როლი თავიდან მსახიობ ჰოაკინ ფენიქსს უნდა შეესრულებინა. მაგრამ გადატვირთული განრიგის გამო კევინის როლზე აიყვანეს ჯეიმს მაკევოი. შიამალანის თქმით, ეს ყველაზე ხანგრძლივი და რთული ფილმი იყო მის კარიერაში. 

Pattaya — ფრანკ გასტამბიდის თავზეხელაღებული კომედიაა. კარგი ბიჭები ხვდებიან სამოთხეში, ცუდები — პატაიაში. ორი მეგობარი — ვინ დიზელის ფანი და დაკომპლექსებული მდიდარი კრიმო — ოცნებობენ თავისი რუტინული ყოველდღიურობა ტაილანდურ კურორტ პატაიაზე შეცვალონ. ოცნებისკენ მიმავალ გზაზე მათ მოუვათ იდეა — ჯუჯებს შორის კრივის ჩემპიონატზე მათ რაიონში მცხოვრები ჯუჯას დარეგისტრირება, რომელიც პატაიაში უნდა ჩატარდეს. ეს საოცნებო არდადეგები მათ ცხოვრებაში ყველაზე გიჟურ თავგადასავლად იქცა.

საინტერესო ფაქტი: ფრანკ გასტამბიდმა არამარტო რეჟისორის სავარძელი დაიკავა, მან დაწერა სცენარი და მთავარი როლიც შეასრულა. რეჟისორმა მოქმედების ადგილად პატაია იმიტომ აირჩია, რომ ეს კურორტი საფრანგეთის პროვინციებიდან ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია, მისი კლიმატისა და ღამის კლუბების წყალობით. ფილმის ბიუჯეტმა დაახლოებით 5 მილიონი ევრო შეადგინა. 

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ბრიტანელი რეჟისორის დენი ბოილის დრამა „T2 თრეინსფოთინგი 2“ (T2 Trainspotting) და რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმი „კინგი: ჩონჩხის კუნძული“ (Kong: Skull Island).

ასევე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ —სცენარისტისა და რეჟისორის ბარი ჯენკინსის ამერიკული დრამატული ფილმი „მთვარის შუქი“ (Moonlight), ფანტასტიკური ფილმი „X — ადამიანები: ლოგანი“ ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში, მიუზიკლი „ლა–ლა–ლენდი“ და კომედია „დამპლური თამაშები“.

მულტფილმები ბავშვებისთვის — „ზოოსტარი“(Sing) და ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი „ბალერინა“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0