თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისი საერთაშორისო მუსიკალურ აქციას "ბახი მეტროში" შეუერთდება — ამ კომპანიის ფარგლებში მეტროს სადგურებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოები აჟღერდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
პროექტის ავტორია ამერიკელი ჩელისტი მასაჩუსეტსიდან დეილ ჰენდერსონი. რაღაც მომენტში მან მთელი სიმძაფრით შეიგრძნო ის დაშორება, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბახის ამაღლებულ მუსიკას შორის გაჩნდა. სწორედ იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება კლასიკურ მუსიკასთან გააერთიანოს, კომპოზიტორის დაბადების დღეს, 2010 წლის 21 მარტს, დეილი თავისი ჩელოთი ჩავიდა ნიუ–იორკის მეტროში და ბახის ნაწარმოები შეასრულა.
შემდეგ ის უკრავდა ბახს ტაიმ–სქვერზე და სხვა საზოგადო ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი მგზავრები ამ დიდ მუსიკას ეზიარებოდნენ. იგივე გაიმეორა ჰენდერსონმა შემდეგ წლებშიც.
მოძრაობა "ბახი მეტროში" შეუმჩნეველი არ დარჩენილა. აქციაში "ბახი მეტროში" 2015 წლიდან 39 ქვეყნის 129 ქალაქი ჩაერთო.
აქციაში "ბახი მეტროში" საქართველო მესამედ უერთდება. წელს ბახის 332-ე დაბადების დღე 18 მარტს, 14:00 საათზე ე.წ. "ახალ ტფილისში" (ფოსტასთან, მაზნიაშვილის კუთხეში, აღმაშენებლის ახალ საფეხმავლო მონაკვეთზე) აღინიშნება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ: ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალური სამუსიკო სკოლის, საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიისა და "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეები, ასევე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.