თბილისი, 14 მარტი — Sputnik. პირველი ქართული 3D მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინოს“ (Geno) მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, ანსის ანიმაციური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება.
წელს ფესტივალი 12-17 ივნისის პერიოდში ჩატარდება. როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ფილმი ანსის საბავშვო ფილმების კატეგორიაში საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
„ჯინო“ მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის ირგვლივ დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.
რეჟისორ დავით კიკნაველიძის 13-წუთიანი მულტფილმი „ჯინო“ ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით ანიმაციურ სტუდია Lira Production-ში შეიქმნა.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.