თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მოსკოვში დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი ქურდობისთვის სამი წლით პატიმრობა მიესაჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ირინა ვოლკზე დაყრდნობით.
„უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით რუსეთის შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის მთავარი სამძებრო სამმართველოს თანამშრომელთა მიერ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვინჯილია, რომელსაც უკრაინის ჟიტომირის სასამართლომ ქურდობის ბრალდებით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა… ფიგურანტი მოსკოვშია დაკავებული“, — განაცხადა ვოლკმა.
ღვინჯილიამ 2012 წლის მარტში, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სპორტულ–საწვრთნელ ბაზაზე ყოფნის დროს ავტოგასამართ სადგურზე მდებარე კაფეში ერთ–ერთ კლიენტს მოჰპარა ფული. მოგვიანებით, მისი ავტომობილის ჩხრეკისას ავტოინსპექციის თანამშრომლებმა მოპარული თანხა ამოიღეს, ხოლო მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.