თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ნამდვილად შემაშფოთებელია ის ვანდალური აქტი, რომელიც განხორციელდა გუშინ ბათუმში, განაცხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეი ირაკლი კობახიძემ ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
„მოგეხსენებათ, დაზიანდა პოლიციის შენობები, დაზიანდა ავტომობილები, ასევე, კერძო საკუთრება და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ის, რომ ძალიან სწორად იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სრულიად სხვა სტანდარტი აჩვენეს ადამიანების მიმართ დამოკიდებულების, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოები და ამისთვის მათ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე განისაზღვროს, ვის ეკისრება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„რაც შეეხება შეფასებებს, პოლიტიკურს თუ სამართლებრივს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩვენ შეგვეძლება უკვე, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ის, თუ ვის რა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.
ბოლო ინფორმაციით, არეულობის შედეგად ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანია დაკავებული. დაზარალდა და დაშავდა 34 ადამიანი — მათ შორის, პოლიციის 15 თანამშრომელი.