ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმის ცენტრში მასობრივ არეულობებში, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ადამიანი, დაიწვა მანქანები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ფოტოოპერატორი სეირან ბაროიანი მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. იხილეთ მის ფოტოებზე, თუ რა ხდებოდა ქალაქში.
ამ დროისათვის ბათუმში სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. ქალაქის ცენტრში, სადაც არეულობა იყო, საქალაქო სამსახურები წესრიგს ამყარებენ. პოლიციამ არეულობის დაახლოებით 40 მონაწილე დააკავა.
სიტუაცია ქალაქში მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს პოლიციელებმა ბათუმის ცენტრში დარღვევით პარკირების გამო ჯარიმა გამოწერეს, რასაც მძღოლი არ დაეთანხმა და კამათი შეტაკებაში გადაიზარდა. დააკავეს 6 ადამიანი, რის შემდეგაც ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი პოლიციის უფროსის გადაყენების მოთხოვნით გამოვიდა.
აქცია არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები წვავდნენ მანქანებს, ანგრევდნენ ღობეებს, აფეთქებდნენ პეტარდებს და ადგილობრივი პოლიციის შენობის შესასვლელს კეტავდნენ. სპეცრაზმი იძულებული გახდა, დემონსტრანტები რეზინის ტყვიებით დაეშალათ.