12 მარტი, თბილისი —Sputnik. ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობის ნაწილი ცდილობდა პოლიციის სამმართველოს ეზოში შეიჭრას.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ, აჭარის პოლიციის სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსის მალხაზ ბათიაშვილის გადადგომას და აქციაზე დაკავებული 5 პირის გათავისუფლებას ითხოვენ.
11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
აქციის დაშლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით 6 ადამიანია დაშავებული —3 პოლიციელი და 3 მოქალაქე. პოლიციელებს თვალისა და თავის არეში აქვთ დაზიანებები მიღბული, მოქალაქეებს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ.
აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარიძემ, რომელიც თურქეთში იმყოფება, ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ბათუმში ბრუნდება. როგორც პატარიძემ განაცხადა, 5 დაკავებული დაახლოებით ერთ საათში გათავისუფლდება.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.