თბილისი, 10 მარტი — Sputnik. 2016 წლის კვლევის შემდეგ მსოფლიოში უმსხვილესი სარესტორნო ქსელი McDonald's-ის ცენტრალურმა ევროპულმა ოფისმა McDonald's Georgia რეგიონში საუკეთესო ფილიალად დაასახელა.
McDonald's-ი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და ყოველწლიურად სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ბაზრებს, რომლებზეც ოპერირებს.
„ამჯერად ჯილდო, როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს, საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს" წოდება ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ., კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვის“, — განაცხადა McDonald's Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.
მისი თქმით, კომპანიის ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები, მომსახურება და სისუფთავე, მომხმარებელზე ორიენტირება, ინოვაციების დანერგვა, ხარისხი და ხარისხის კონტროლი, ბიზნესის განვითარება — ეს ის ინდიკატორებია, რის მიხედვითაც დაიმსახურა ჯილდო McDonald's Georgia-მ.
თბილისში ახლახან McDonald's-ის ლოჯისტიკური ცენტრიც გაიხსნა, რომელიც 30 რესტორნის მომსახურებაზეა გათვლილი და თავისი მასშტაბით ამიერკავკასიაში უდიდესია, ხოლო სტანდარტებით უმაღლეს კატეგორიაში ხვდება. კომპანია პროდუქციას ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან იღებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საკვებს სთავაზობს.
საქართველოში Mcdonalds-ის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს ქსელი 11 რესტორანს აერთიანებს. წელს კომპანია კიდევ ერთი რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. McDonald's Georgia-ში 930 თანამშრომელი მუშაობს, ყოველდღიურად ქსელი დაახლოებით 15 000 სტუმარს ემსახურება.
McDonald's Georgia-ს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის.