ჩემთვის მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარს და არ იზიდავს მოგზაურობა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ღმერთის წყალობით, წელიწადში ერთხელ ვახერხებ, რომ ბავშვთან ერთად წავიდე საზღვარგარეთ დასასვენებლად. მაგრამ ჩემი მოგზაურობა ხშირ შემთხვევაში მაინც სამსახურიდან გამომდინარეა და არა გასართობად ან დასასვენებლად.
– თუმცა ამ დროსაც შესაძლებელია დაათვალიერო ქალაქი, გაეცნო კულტურას, ნახო ღირსშესანიშნაობები…
– შესაძლებელი კი არა აუცილებელიც არის, რომ გამონახო მცირედი დრო და დაათვალიერო ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, რადგან არავინ იცის, ამ ქალაქში კიდევ მოვახერხებთ თუ არა დაბრუნებას. ის შანსი, რომელსაც გაძლევს უფალი, იღბალი და სამსახური ერთად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა ხელიდან. ვერ წარმომიდგენია ჩახვიდე ქვეყანაში და იმის ღირსშესანიშნაობა არ ნახო, აბა, სხვა რა უნდა გააკეთო?!
– უცხო ქვეყნებიდან პირველად რომელი ნახეთ?
– სიმართლე გითხრათ, პირველი მოგზაურობა საერთოდ არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. ამას მშობლები მახსენებენ ხოლმე. უკვე ცნობიერ და ზრდასრულ ასაკში დასასვენებლად პირველი ჩემი მოგზაურობა იყო თურქეთში. ხოლო რაც შეეხება სამსახურებრივ ვიზიტს, ეს იყო 13–14 წლის წინ, როცა საფრანგეთში წავედი პირველად Coca-cola Music Way-ს ფესტივალზე. ეს საგზური მაჩუქა Coca-cola waters georgia-მ. მოგეხსენებათ, პირველი და მეორე „ჯეოსტარი“ მე და სოსო თოლორაიას მიგვყავდა. მე ვიყავი „კოკა–კოლას“ ოთახის წამყვანი. მადლიერების ნიშნად მათ გამიშვეს ფესტივალზე საფრანგეთში და, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
პარიზში როცა ჩადიხარ, პირველი, რასაც აკეთებ, ეიფელის კოშკის სანახავად მიდიხარ, შემდეგ ტრიუმფალურ თაღს, ნოტრდამს, ელისეის მინდვრებს ათვალიერებ, აუცილებლად მიბრძანდები მონმარტრზე და მიირთმევ ყავას, ნახავ ლუვრს, თუმცა 5–6 დღე ნამდვილად სჭირდება, რომ ლუვრი მთლიანად დაათვალიერო. საღამოს უბრალოდ სეირნობ ქუჩებში, მდინარე სენასთან, რომ ულამაზესი ქალაქი დაათვალიერო. მართლაც დაუვიწყარი და სიყვარულის ქალაქია პარიზი.
– თქვენ თუ მოახერხეთ ლუვრის მთლიანად დათვალიერება?
– მიუხედავად იმისა, რომ პარიზში დაახლოებით 17–ჯერ ვარ ნამყოფი, ლუვრი მთლიანად არ მინახავს.
– იმ ქვეყნებიდან, სადაც გიმოგზაურიათ, რომელ ქვეყანას გამოარჩევდით?
– სადაც ვყოფილვარ, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა გამორჩეული და განსხვავებული იყო. ყველამ რაღაცით დამამახსოვრა თავი. ხომ ამბობენ, თითქოს ევროპის ყველა ქვეყანა ერთმანეთს ჰგავს, ეს ნამდვილად არ არის ასე, თითოეული მათგანი განსხვავებულია და სხვადასხვა ხიბლი აქვთ. ჩემში ყველა ქვეყანამ წარუშლელი შთაბეჭდილება და სასიამოვნო მოგონება დატოვა. უბრალოდ ასეთი ფორმულირება შეიძლება მივცე ჩემს პასუხს, ქალაქი, რომელშიც დაუფიქრებლად ვიცხოვრებდი, ეს არის მადრიდი.
– რით მოგხიბლათ ამ ქალაქმა ისე, რომ თანახმა ხართ იქ დაუფიქრებლად იცხოვროთ?
– არ ვიცი, რატომღაც სხვანაირი აურა და გარემო დამხვდა. მანამდე ბარსელონაში ნამყოფი ვიყავი და ვამბობდი, ამის მერე ესპანეთში რამ უნდა მომხიბლოს–მეთქი. მაგრამ როცა მადრიდში ჩავედი, იქ დამხვდა სრულიად სხვა კულტურა, ეთიკა. აქ დავინახე ნამდვილი ესპანეთი. სულ მეგონა, რომ დიდი ალაყაფი უნდა გაიღოს და საიდანღაც გამობრძანდეს მეფე თავისი ამალით. ძალიან მდიდრული, ლამაზი შადრევნებით, ულამაზესი ნაციონალური პარკით და ბაღებით არის დამშვენებული ეს ქალაქი. ნამდვილი ფლამენკო იქნება ეს, თუ ნამდვილი ესპანური სული, ყოველთვის სუფევს მადრიდში. ბარსელონა უფრო ტურისტული ზღვისპირა ქალაქია, მაინც კატალონიაა და აქ ბევრი ეროვნების ადამიანი შეგიძლიათ ნახოთ. ტურისტულ ზღვისპირა ქალაქებს კიდევ სხვა ხიბლი და აურა აქვს. ვერ ვხსნი რატომ, მაგრამ ჩემთვის მადრიდი არის ერთადერთი ქალაქი, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.
– მართლმადიდებლური ქვეყნებიდან, წმინდა ადგილებიდან რომელს გამოარჩევდით?
– გაგიკვირდებათ და, სამწუხაროდ, ისრაელში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აუცილებლად წავალ. იმედი მაქვს, წელს განვახორციელებ ამ ჩანაფიქრს. ბელგრადში ვარ ნამყოფი. მოგეხსენებათ, იქაც მართლმადიდებელი მოსახლეობა ცხოვრობს. ულამაზესი ქალაქია. რუსეთში ბავშვობაში ვარ ნამყოფი და, სიმართლე გითხრათ, კარგად არ მახსოვს. ვარ ნამყოფი საბერძნეთში და მოვიხიბლე ამ ქვეყნით. ჯერ ყველაფერი წინ არის და ალბათ მომავალში ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში წავალ, დავათვალიერებ და მოვილოცავ სიწმინდეებს.
– უნიკალური ქალაქია ვენეცია. ვფიქრობ, იგი არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს. თქვენ თუ ხართ ნამყოფი და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ ქალაქმა?
– დიახ, ულამაზესია ვენეცია. ძალიან სასიამოვნოა გონდოლებით სეირნობა. ვენეცია არის ძალიან პატარა და საყვარელი ქალაქი. იქ აუცილებლად უნდა წახვიდე. მაგრამ ჩემთვის დაუვიწყარი ქალაქი მაინც ლოს-ანჯელესი იყო. ჩემი მოგზაურობა ამერიკაში იყო წარმოუდგენლად შთამბეჭდავი. როცა პირველად წავედი ამერიკაში, თებერვალი იყო. საქართველოში სიცივე, ყინვა, თოვლჭყაპი იყო. 15-საათიანი ფრენის შემდეგ ზამთრის პერიოდიდან მოულოდნელად აღმოვჩნდი ზაფხულის პერიოდში, თან ლოს-ანჯელესში, მალიბუში, ჰოლივუდში და ა.შ. მე ძალიან დამოკიდებული ვარ ამინდზე, ძალიან მიყვარს თბილი მზიანი ამინდი. იქ კარგი და სასიამოვნო გარემო დამხვდა, საოცარი ხალხი. მაშინ ვთქვი, რომ ზუსტად ისეთი სიბერე მინდა, როგორიც აქ აქვთ ქალებს. 80–90 წლის ქალბატონები, ყველანი დილის 7 საათზე, ხავერდის სპორტულებში გამოპრანჭულები, მაკიაჟით დარბიან, ვარჯიშობენ. ყოველთვის ფორმაში არიან. სხვათა შორის, იქ ვნახე პირველად ბოტოქსი, ლამაზად გადატკეცილი სახეები და მივხვდი, რომ ძალიან კარგია იქ ცხოვრება. იცით, რომ ამერიკა თავისუფლების ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს თავისთავად იგრძნობა ადამიანებზეც. მე ყველა ქვეყანაში მაქსიმუმ 10 დღით ვარ ნამყოფი, ამიტომ ნანახი მაქვს ყველა ქვეყნის მხოლოდ კარგი მხარე, დრო არ მრჩება, რომ უარყოფითი მხარეც ვნახო. ასევე მოულოდნელი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, როცა ჩავედი პრაღაში. მართლა შოკში ჩავვარდი, როცა ვნახე ეს ულამაზესი ისტორიული ქალაქი, თავისი საოცარი არქიტექტურით. არასოდეს დამავიწყდება წმინდა ნიკოლოზის ულამაზესი ტაძარი.
– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?
– რაც შეეხება სამზარეულოს, გამოგიტყდებით, რომ გურმანი არ ვარ. აქედან გამომდინარე, არ მივეკუთვნები იმ ტურისტების კატეგორიას, რომლებიც ქვეყნებს ათვალიერებენ და მისი სამზარეულოთი აფასებენ. თუმცა მივესალმები ასეთ ადამიანებს, რადგან იმისთვის, რომ შეიგრძნო ქვეყანა, მათი კულტურა, აუცილებლად უნდა დააგემოვნო მათი კერძები და დაათვალიერო სამზარეულო. მაგალითად, ლაშა ღლონტი, ვიცი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩადის, მისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტულია დააგემოვნოს ამ ქვეყნის კერძები და შეაფასოს სამზარეულო. მე არ ვარ ზღვის პროდუქტებისა და ეგზოტიკური კერძების მოყვარული, მე უფრო სტანდარტულ საკვებს მივირთმევ. ერთადერთი, მინდა გითხრათ, რომ კოკა–კოლა მომეწონა ყველაზე მეტად ლონდონში. მოგეხსენებათ, განთქმულია აღმოსავლური ტკბილეული, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ტკბილეული უნდა მიირთვა საფრანგეთში. კერძები ძალიან მომეწონა საბერძნეთში.
– ქვეყანა, სადაც არ ხართ ნამყოფი და ოცნებობთ იქ მოხვედრაზე.
– ასეთი ქვეყანა ძალიან ბევრია. ვერ ვიტყვი, რომ მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მინდა ვნახო, არის პორტუგალია. იქ მოხვედრა არც ისე რთულია, მაგრამ რატომღაც ვერასოდეს ვერ მოვახერხე წასვლა. და არის კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც აუცილებლად წავალ, ეს არის მექსიკა. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ამ ორი ქვეყნის ნახვა მინდა.