ნატა პატარაია
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა, 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ დაეწესებინათ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
„ვულოცავ ყველა იმ ქვეყნის ქალს, ქალბატონს, მანდილოსანს, სადაც ეს თარიღი არის სახელმწიფო დღესასწაული. ეს ქვეყნებია: ანგოლა, ბურკინა-ფასო, კამბოჯა, გვინეა-ბისაუ, კონგო, ჩინეთი, ლაოსი, ჩრდილოეთ კორეა, უგანდა, მონღოლეთი, მაკედონია, საქართველო, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით. როზა ლუქსემბურგის და კლარა ცეტკინის წილხვედრი ქვეყნებიდან საქართველო განსაკუთრებით გამორჩეულია — ქალთა ორი ოფიციალური დღესასწაული გვაქვს ერთ კვირაში. ხელისგულზე ვატარებთ კაცები ქალებს“, – ეს სტატუსი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რომან გოცირიძეს ეკუთვნის, რომელიც, როგორც “Sputnik–საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნავს, მართალია, 8 მარტს არ აღიარებს, მაგრამ ამ დღეს საჩუქრებს მაინც არიგებს და თანაც – როზა ლუქსემბურგის სახელით.
„8 მარტი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მივყვები საერთო დინებას და საჩუქრებსაც კი ვარიგებ ხოლმე: როზა ლუქსემბურგის სახელით. ისე, ერთ კვირაში ქალთა ორი დღე ისეთი აბსურდია, რომ მიკვირს, რატომ არ არის ეს გინესის რეკორდების წიგნში. სხვათა შორის, ჩვენმა პარტიამ კარგი საჩუქარი მიართვა ქალებს – ყველა დონის არჩევნებში სააჩევნო სიის ყოველ ათეულში სამი ქალი იქნება. ანუ დავაკანონეთ ჩვენი წესდებით ქალთა კვოტირება. 4 მარტს გამართულ პარტიის ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე გამოსვლისას განვაცხადეთ: „მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი კაცი სამზარეულოში!“ დაინგრა დარბაზი და გავხდი ქალთა კუმირი პარტიაში. ეს არ ჯობია სუნამოს ან ყვავილებს? თუმცა, როგორც ვატყობ, მაინც მომიწევს მათი ყიდვა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისისი ვიცე–მერი ირაკლი ლექვინაძე 8 მარტს არაფერ განსაკუთრებულს არ გეგმავს და ამ დღესასწაულს ის, პირველ რიგში, დედას და თანამშრომელ ქალბატონებს მიულოცავს.
„ნებისმიერ დღესასწაულს, თუ ის ქალბატონებს ბედნიერებასა და სიხარულს ანიჭებს, აქვს არსებობის უფლება. ვფიქრობ, 8 მარტი, მიუხედავად თავისი ისტორიისა, არის დღესასწაული. თანაც ჩვენ გვაქვს მისი აღნიშვნის ტრადიცია. ქართველებს ზოგადად გვიყვარს დღესასწაულები, განსაკუთრებით, როცა ეს ქალებს ეხება. ამიტომ გვაქვს 8 მარტი და დავაწესეთ 3 მარტი“, – მიაჩნია ირაკლი ლექვინაძეს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ პოზიტიურ ენერგიას გაცვლიან ადამიანები ერთმანეთში, უკეთესი იქნება.
დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სამხარაული აღნიშნავს, რომ ის იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც 8 მარტს განსაკუთრებით აღნიშნავდა.
„მე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ვარ დაბადებული და, შესაბამისად, ეს დღესასწაული ჩემთვის ბავშვობის ტკბილი მოგონებაც არის და ერთგვარი ტრადიციაც. 8 მარტს მე ყოველთვის აღვიქვამ, როგორც ქალბატონების დღეს, განსაკუთრებით კი დედაჩემის დღეს, რადგან მაშინ პირველ რიგში დედებს ვულოცავდით ხოლმე. ასე რომ, მიყვარს ეს დღე და ყოველთვის ვულოცავ ჩემი ოჯახის ქალბატონებს და არა მხოლოდ მათ“, – აღნიშნა ლევან სამხარაულმა.
რაც შეეხება საჩუქრებს, ლევან სამხარაულმა გვითხრა, რომ წინასწარ არასდროს გეგმავს, თუ რას შეარჩევს საჩუქრად.
„ვცდილობ, საჩუქრები განწყობიდან, სიტუაციიდან ან საჭიროებიდან გამომდინარე შევარჩიო“, – აღნიშნა მან.
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრისთვის ემზარ კვიციანისთვის 8 მარტი, პირველ რიგში, დედასთან ასოცირდება.
„ამ დღეს, პირველ რიგში, დედაჩემის საფლავზე მივდივარ და ყვავილები მიმაქვს, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება და ახალგაზრდობა 8 მარტს დედასა და დებს ვულოცავდი. ასეთია ჩემთვის 8 მარტი წელსაც და ასეთივე იქნება მომავალშიც“, – თქვა ემზარ კვიციანმა.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავასთვის ამ დღესასწაულს პოლიტიკური დანიშნულება აქვს.
„ეს არის ქალთა სოლიდარობის დღე და ამ თვალსაზრისით „თავისუფალი საქართველო“ სრულად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქალის როლი პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენმა პარტიამ მხარი დაუჭირა ყველა ინიციატივას, რაც წამოყენებული იქნა ამ მიმართულებით, იქნებოდა ეს კვოტირების საკითხი თუ ქალთა თანაბარი წარმომადგენლობა პარლამენტში. დანარჩენი, რომ გითხრათ, როგორც ოჯახურ დღესასწაულს აღვნიშნავთ–მეთქი, მოგატყუებთ. არც აღვნიშნავ და არც ვაპროტესტებ“, – თქვა კახა კუკავამ.
საქართველოში ეს დღესასწაული ერთხელ, სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაუქმდა. თუმცა, 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ – 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.