თბილისში დიდი თეატრის სოლისტის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალეტის ვარსკვლავები ნინო ანანიაშვილი და ალექსანდრ ვოლჩკოვი იცეკვებენ ბალეტში „მძინარე მზეთუნახავი“ და „დონ კიხოტი“.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თბილისის სახელმწიფო თეატრში 10 მარტს გალა–კონცერტი გაიმართება, რომელზე იცეკვებენ პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ ვოლჩკოვი — საღამოს ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ვოლჩკოვი ანანიაშვილთან ერთად პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში „მძინარე მზეთუნახავი“ იცეკვებს (ქორეოგრაფია — მარიუს პეტიპა, დადგმა — ნინო ანანიაშვილი და ალექსეი ფადეეჩევი, კოსტიუმები და სცენოგრაფია — ანატოლი ნეჟნი).

ანანიაშვილი და ვოლჩკოვი ასევე იცეკვებენ გრან-პას (Grand Pas) ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“(ქორეოგრაფია — მარიუს პეტიპა, ალექსანდრ გორსკი). სპექტაკლის დირიჟორი — ზაზა კალმახელიძე, იუწყებიან თეატრში.

ალექსანდრ ვოლჩკოვი თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად არ წარდგება. 2002 წელს ის თბილისის ოპერისა და ბალეტის დადგმებში მონაწილეობდა. ის ასრულებდა ზიგფრიდის პარტიას „გედების ტბაში“ და პრინცის პარტიას „მაკნატუნაში“ (კომპოზიტორი პ. ჩაიკოვსკი).

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თბილისის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამართულ გალა–კონცერტზე ასევე ნაჩვენები იქნება ჯორჯ ბალანჩინის ერთაქტიანი ბალეტი „სერენადა“ (მუსიკა — პეტრე ჩაიკოვსკი, ბალეტმაისტერები — ბარტ კუკი და მარია კალეგარი). 

საღამოს სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0