სულით რომ არ დაბერდე – ხშირად უყურე ვარსკვლავებს

© photo: Sputnik / Lev Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი მირონოვი
ანდრეი მირონოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, ქალთა საერთაშორისო დღის ზღურბლზე, ჩვენს თბილისურ აივანს ისეთი კაცი გაალამაზებს, რომელსაც არასდროს დაუტოვებია გულგრილი არც ერთი მანდილოსანი. ჩვენი სტუმარია უნიჭიერესი, საოცრად თავმდაბალი და არაჩვეულებრივად მომხიბვლელი ანდრეი მირონოვი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1941 წლის 7 მარტს. ოფიციალურ ბიოგრაფიაშიც ეს თარიღია დაფიქსირებული, თუმცა დაბადების მოწმობაში მშობლებმა მას 8 მარტი ჩაუწერეს და იხუმრეს — ანდრეი ქალებისთვის საჩუქარი იქნებაო.

დღეს ანდრეი მირონოვს 76 წელი შეუსრულდებოდა… მართალი გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია, ის ამ ასაკში, რადგან ყოველთვის და ყველასთვის მუდამ მომღიმარი, ხალისიანი, ცოტა ექსცენტრიკული და ახალგაზრდა „ანდრიუშად“ რჩებოდა და დღემდეც ასეთი რჩება.

ანდრეი მირონოვი დაიბადა ცნობილ შემოქმედებით ოჯახში. მისი მამა — ალექსანდრ მენაკერი იყო პოპულარული მუსიკალური ფელეტონების ავტორი და შემდგომში რეჟისიორი, დედა – მარია მირონოვა კი მსახიობი იყო. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ანდრეი თითქმის თეატრში დაიბადა, რადგან მისი დედა ფეხმძიმობის ბოლო წუთამდე სცენაზე იდგა, მშობიარობის პროცესიც წარმოდგენის დროს დაეწყო და ძლივს მოასწრეს მისი მიყვანა არბატზე მდებარე სამშობიაროში.

აღსანიშნავია, რომ თავისი ცნობილი ოჯახის მიუხედავად ანდრეიმ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა სრულიად დამოუკიდებლად, მშობლების დასტურის გარეშე და მათი ნების წინააღმდეგ. ის არასდროს არსად არ ამბობდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები. უფრო მეტიც, იმდენად მალავდა ამ ფაქტს, რომ ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მისმა უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ.

ვინც იცნობდა ანდრეი მირონოვს, ყველა იხსენებს, რომ მან არაჩვეულებრივი მეგობრობა იცოდა, იყო საოცრად გულგახსნილი და გულწრფელი ადამიანი.

ამასთანავე ძალიან დისციპლინირებული. მიუხედავად თავისი საოცარი პოპულარობისა, არც ერთხელ არ უღალატია თავისი საქმისთვის — არ გაუცდენია არც ერთი რეპეტიცია და არსად არასდროს არ დაუგვიანია.

მე კი, რატომღაც, როდესაც მას ვუყურებ, მის ნებისმიერ ხუმრობაში და კომიკურ როლში რაღაც სევდას და დაუცველობას ვხედავ. მახსენდება მისი ერთი ფრაზა — „თუ ვინმემ გაწყენინა, არასდროს იფიქრო იმაზე, თუ რატომ გააკეთა მან ეს, უპასუხე საკუთარ თავს შეკითხვაზე – რატომ მიეცი მას ამის გაკეთების უფლება“.

ანდრეი მირონოვს გააჩნდა საოცარი ინდივიდუალობა, შესრულების განუმეორებელი, ირონიული მანერა და ამავე დროს გულში ბოლომდე ჩაწვდომის ნიჭი. სავარაუდოდ, მასზე დიდი მსახიობებიც არსებობდნენ, ალბათ, ვიღაც მასზე უკეთ მღეროდა, შესაძლებელია, ვინმე საცეკვაო ილეთებსაც მასზე ლამაზად ასრულებდა, მაგრამ ძალიან ცოტაა მსახიობი, ვისაც ასე ორგანულად შეეძლო ამ სამი კომპონენტის შერწყმა. ალბათ იმიტომ, რომ სხვანაირად ატარებდა მათ გულის სიღრმეში.

ანდრეი მირონოვი იმდენად ყველანაირად ლამაზი ადამიანი იყო, რომ ბევრი ქალი მას არა მარტო „უბედოთა კუნძულზე“, სადაც ალიგატორების დაჭერაა ძნელი და ქოქოსების მოსავალი მოიკოჭლებს, არამედ დეკაბრისტის მეუღლესავით ციმბირშიც კი გაჰყვებოდა.

ანდრეის პირველი სერიოზული სიყვარული, რომელმაც მას თავბრუ დახვია, იყო საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი ნატალია ფატეევა, რომელსაც მან პარტნიორობა გაუწია ფილმში „სამი პლუს ორი“. თანაც საქმე ორჯერ თითქმის ქორწილამდე მივიდა, მაგრამ ამ რომანს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ანდრეის დედამ, საკმაოდ მკაცრმა მარია მირონოვამ, რომელსაც ანდრეიზე დიდი გავლენა ჰქონდა და რომელსაც ის უდიდეს პატივს სცემდა. შემდეგ მას ხანგრძლივი რომანი ჰქონდა მსახიობ ტატიანა ეგოროვასთან, რომელიც მართლაც უზომოდ იყო შეყვარებული ანდრეიზე, მაგრამ… აქაც დედა ჩაერია.

ანდრეის პირველი ოფიციალური მეუღლე გახდა ეკატერინა გრადოვა — რადისტკა კეტი პოპულარულ ფილმში „გაზაფხულის 17 გაელვება“. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, რომელსაც, ბებიის ხათრით, მარია დაარქვეს. ქორწინება დიდი სიყვარულით მოხდა, თუმცა მალე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ანდრეი მირონოვის მეორე და ბოლო მეუღლე კი გახდა პოპულარული მსახიობი ლარისა გოლუბკინა, რომლის ქალიშვილი, ასევე მარია, ანდრეიმ იშვილა.

ანდრეი მირონოვის ყველა ფილმი მიყვარს, განსაკუთრებით კი მისი მარკიზის როლი ფილმში „რესპუბლიკის საგანძური“. ჩემი აზრით, ანდრეი მირონოვი ამ ფილმში თამაშობს საკუთარ თავს – ცოტა არეული, ცოტა გაუგებარი და ძალიან ღირსეული ადამიანი, თავისი ცნობილი ფრაზით: „მე ქალებს არ ვესვრი“…

ანდრეის არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მასხრობა ბავშვობიდან უყვარდა. მისი მამა ალექსანდრ მენაკერი იხსენებდა, რომ ერთხელ პატარა ანდრეი წაიყვანა ცირკში, მაგრამ შესასვლელთან აღმოაჩინა, რომ ბილეთები სახლში დარჩენოდა. მან შვილს შესთავაზა ცირკში შეპარვა. მათ გაიარეს ცხენების და მხეცების სადგომი, ემალებოდნენ ცირკის თანამშრომლებს. როდესაც მამა ჩურჩულით აფრთხილებდა, მოგვდევენო, ანდრეი მირბოდა და ბნელ კუთხეებში იმალებოდა. ბოლოს და ბოლოს მათ მშვიდობიანად მიაღწიეს საკუთარ ადგილებს და ამ დროს ანდრეიმ მამას უთხრა — „მამა, ბილეთები პიჯაკის ზედა ჯიბეში გიდევს, მე დავინახე იქ როგორ გადამალე“.

ანდრეი სერიოზულად არ ეპყრობოდა თავის ჯანმრთელობასაც. ის არასდროს სარგებლობდა კასკადიორების დახმარებით და ყველა ტრიუკს თავად ასრულებდა — ჩამოდიოდა მე-6 სართულიდან კარნიზით, ეკიდა მდინარე ნევის თავზე, მოაჯირზე ჩამოკიდებული, ერთი მანქანიდან მეორეზე ხტებოდა… ასეთი იყო, არასდროს არ ზოგავდა საკუთარ თავს.

1987 წელს რიგაში გასტროლების დროს მან გაიგო, რომ გარდაიცვალა მისი კოლეგა და დიდი მეგობარი ანდრეი პაპანოვი. მან ერთადერთი ფრაზა წარმოთქვა: „ვინ იქნება შემდეგი?“ ზუსტად 9 დღეში კი სპექტაკლ „ფიგაროს ქორწინების“ მე-3 აქტის მე-5 სცენის დროს ანდრეიმ გონება დაკარგა. ალექსანდრ შირვინდტმა ის სცენიდან ხელში აყვანილი გაიყვანა. ორ დღეში, 1987 წლის 16 აგვისტოს ანდრეი მირონოვი გარდაიცვალა. ის სულ 46 წლის იყო. აღმოჩნდა, რომ მას დაბადებიდან ანევრიზმა ჰქონდა. ის დაიბადა სცენაზე და გარდაიცვალა სცენაზე…

მაშინ ამბობდნენ, ეს დიაგნოზი რომ დროზე სცოდნოდათ, მას ოპერაციას გაუკეთებდნენ და გადარჩებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში მსახიობის პროფესია უნდა მიეტოვებინა.

მე რატომღაც მგონია, რომ ანდრეის ეს რომ სცოდნოდა, ოპერაციაზე უარს იტყოდა.

მირონოვი ამბობდა: 

სულით რომ არ დაბერდე — ხშირად უყურე ვარსკვლავებს.

მე გუშინ შევხედე მათ და მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი ანდრეი მირონოვის სითბოს ასხივებდა…

ცხოვრება გრძელდება… ცხოვრება, რომელსაც ანდრეი მირონოვივით ნათელი ადამიანები გვილამაზებენ.

ამიტომაც ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ანდრეი მირონოვის ოპტიმისტური ტანგო, რომელშიც მას პარტნიორობას უწევს შესანიშნავი ლიუბოვ პოლიშჩუკი:

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0