თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დღესასწაული 843 წელს დამკვიდრდა, როდესაც ხატმებრძოლეობასთან ბრძოლა საბოლოო გამარჯვებით დასრულდა. ის დიდმარხვის პირველ კვირა დღეს აღინიშნება და „მართლმადიდებლობის ზეიმი“ ეწოდება.
„დღეს არის დიდი დღესასწაული – მართლმადიდებლობის ზეიმი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა არის უდიდესი საუნჯე, რომელიც ღმერთმა ჩვენ გვაჩუქა, უდიდესი მადლი, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა“, — ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ხატების წინააღმდეგ ბრძოლა ას წელიწადს მიმდინარეობდა. 100 წლის შემდეგ კი მეშვიდე მსოფლიო კრებამ განაწესა, რომ ხატის თაყვანისცემა კერპთაყვანისცემა კი არ არის, არამედ ეს არის მადლი ღვთისა, რომელსაც ღმერთი ადამიანს მოუვლენს.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქართველები ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან უფალმა ხატებით პირველად ჩვენ დაგვაჯილდოვა, ხატი კი არის სასუფევლის კარიბჭე, ხატის საშუალებით ჩვენ ვხედავთ სასუფეველს, ბრძანა პატრიარქმა.