საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი — I ტურის მიმოხილვა

© Erovnuli Ligaსაქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ უქმეებზე საქართველოს ფეხბურთის XXIX ჩემპიონატი დაიწყო. ყველზე საინტერესო მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ „Sputnik საქართველო".

გათამაშებაში ათი კლუბი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოთხ წრეში ჩატარდება — თითოეულ მეტოქესთან ორ–ორი თამაში სახლში და ორ–ორი გასვლაზე. და რაც მთავარია, ეროვნული ლიგა გადავიდა გაზაფხულ–შემოდგომის ფორმატზე, ნაცვლად შემოდგომა–გაზაფხულისა.

ჩემპიონატი ფრეთი გაიხსნა

ეროვნული პირველობა შარშანდელ ჩემპიონ „სამტრედიასა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის თამაშით გაიხსნა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ამ სეზონზე პირველი ოფიციალური მატჩი უკვე ჩაატარა. თებერვლის ბოლოს „სამტრედია“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა, როდესაც ქუთაისის „ტორპედოს“ ანგარიშით 2:1 მაუგო.

„შუქურას“ კი მხოლოდ სეზონისწინა შეკრება და რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ ამის მიუხედავად მან პირველივე თამაშში ჩემპიონს ქულები წაართვა.

თავიდანვე „სამტრედია“ ფავორიტის სტატუსს ამართლებდა. მე–19 წუთზე დავით რაჟამაშვილმა პირველი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში „შუქურა“ თანდათანობით გონს მოვიდა და თამაში მოედნის ცენტრისკენ გადაიყვანა.

პირველი ნახევრის ბოლოს მარცხენა ფლანგზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ირაკლი კლიმიაშვილმა ჩაჰკიდა ბურთი, ხოლო ლევან საბაძემ ისარგებლა არეულობით და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში „სამტრედიამ“ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ უშედეგოდ. ანგარიში არ შეცვლილა.

თბილისის „დინამო“ — პირველი სამი ქულა

თბილისის „დინამო“ ახალ სეზონს დიდი ცვლილებებით შეხვდა. გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს — კახა კაჭარავა, რომელმაც „დინამოელების“ სეზონისწინა შეკრება ჩაატარა და ისინი ჩემპიონატისთვის მოამზადა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდიდან ასევე სამი მოთამაშე წავიდა — ჯაბა ჯიღაური, უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი. სამივე საქართველოს ნაკრების მოთამაშეა.

ამ ფონზე საინტერესო იყო „დინამოს“ პირველი მატჩი „კოლხეთთან“. საინტერესოა, რომ 27 წლის წინ საქართველოს პირველი ჩემპიონატი სწორედ თბილისის „დინამომ“ და ფოთის „კოლხეთმა“ გახსნა. მაშინ სენსაციური გამარჯვება ფოთელებმა მოიპოვეს (1:0).

ამჯერად ეს არ მომხდარა. თუმცა, „კოლხეთის“ სამი ლიდერი მოთამაშე დისკვალიფიკაციის გამო თამაშში არ მონაწილეობდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 26–ე წუთზე „დინამოელების“ გამარჯვების გოლი ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

შემდგომში, როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა — კაჭარავას გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო.

"სამი დღეა, რაც შეკრებიდან დავბრუნდით. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ. იცით, რომ "დინამოში" გასული წლიდან ორი ფეხბურთელი დარჩა, აკადემიიდან დიდი ნამატი გვაქვს და შესაბამისად, მათ დრო სჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე არ ვიბრძოლებთ“, — განაცხადა კაჭარავამ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

პირველი ტურის ყველაზე შედეგიანი მატჩი

ყველაზე სანახაობრივი თბილისის „ლოკომოტივსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის თამაში გამოდგა. 

დედაქალაქის გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო, ორივე გოლი ირაკლი სამხარაძემ გაიტანა.

პირველი ტურის ყველა მატჩის შედეგები:

 „სამტრედია“ — „შუქურა“ (ქობულეთი) 1:1

 „დინამო“ (თბილისი) — „კოლხეთი“ (ფოთი) 1:0

 „ლოკომოტივი“ (თბილისი) — „დინამო“ (ბათუმი) 2:1

 „ჩიხურა“ (საჩხერე) — „დილა“ (გორი) 0:0

„საბურთალო“ (თბილისი) — „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:0

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები 10 და 11 მარტს გაიმართება.

 


ყველა ახალი ამბავი
0