თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქართულ მხარეს ევროპელ პარტნიორებთან არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ უმსჯელია ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის ლტოლვილთა ბანაკის განთავსების თაობაზე, თუმცა ხელისუფლება აპირებს გაერკვეს, რას მოიაზრებს ეს ინიციატივა, განაცხადა ავსტრიაში საქართველოს ელჩმა კოტე ზალდასტანიშვილმა.
„საკითხი არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ქართულ მხარესთან არ განხილულა, არც კურცის საქართველოში ვიზიტის დროს“, — განაცხადა კოტე ზალდასტანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ამასთან ელჩმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად რას გულისხმობდა კურცი, არ იცის.
„ეს მოულოდნელი [განცხადება] იყო. კვირა დღეს მინისტრის კაბინეტთან დაკავშირება მარტივი არ არის. განმარტეს, რომ კურცმა საქართველო მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. ხვალ დილით აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. ვეცდებით, მეტი სიცხადე შევიტანოთ. კონსულტაციებზე დავადგენთ, რასთან გვაქვს საქმე“, — აღნიშნა ზალდასტანიშვილმა.
შეგახსენებთ: ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა წამოაყენა წინადადება, მიგრანტთა ბანაკები ევროკავშირის საზღვრებს მიღმა დაარსდეს, მაგალითად, საქართველოში ან დასავლეთ ბალკანებზე.