თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო დასი „ქენდუკო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე 11 და 12 მარტს წარსდგება, ამის შესახებ ბრიტანეთის საბჭო იუწყება.
ქენდუკო (Candoco Dance Company)არის შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეების ჯგუფი, რომელიც გვთავაზობს ბრწყინვალე, სიღრმისეულ შთაბეჭდილებებს, რითაც აღვივებს ჩვენს ინტერესს და აფართოებს წარმოდგენას როგორც ხელოვნებაზე და ესთეტიკაზე, ასევე ადამიანის უნარებზე.
ქენდუკო, რომელიც თავისი აღიარებისა და პროგრესული საქმიანობის 25 წლისთავს აღნიშნავს, თბილისში თანამედროვე ქორეოგრაფიის ორ შთამბეჭდავ ნიმუშს წარმოადგენს: „მზერა“ და „ჩართვა და გადართვა/გადართვა“.
სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე შედგება.
"ალეგზანდერ უაითლი სწრაფად გახდა ცნობილი თავისი გაბედული და ვირტუოზული ქორეოგრაფიის მეშვეობით. ქენდუკოს დაკვეთით მის მიერ შექმნილი „მზერა“ შთამბეჭდავი დუეტებით და სულის შემძვრელი ჯგუფური შესრულებით სრულდება გერმანელი კომპოზიტორის ნილს ფრამის და რუთგერ ზიდერველტის მიერ დამუშავებული მომაჯადოებელი მუსიკის ფონზე. წარმოდგენაში ქენდუკოს შვიდი მოცეკვავე იკვლევს სივრცის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს და შეზღუდვებს, რითაც დაგვაფიქრებს იმაზე თუ რას ვუმზერთ და რას ვხედავთ", — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ჩართვა და გადართვა/გადართვა“ არის შესაძლებლობების კვლევა, სადაც მოცეკვავეები ქმნიან ტრიშა ბრაუნის შესანიშნავი ქორეოგრაფიული ნომრის ახალ ვერსიას. სპექტაკლის ორიგინალური ვერსიის პრემიერა შედგა 1983 წელს ნიუ-ორკის ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში. 2011 წელს ქენდუკომ ტრიშა ბრაუნის ქორეოგრაფიულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხელახლა დადგა ეს სპექტაკლი — ეს იყო თანამედროვე ქორეოგრაფიის ამ საკულტო ნიმუშის პირველი შესრულება ინკლუზიური კომპანიის მიერ.
თბილისში გამართულ წარმოდგენებთან ერთად ქენდუკოს ქორეოგრაფები ჩაატარებენ თანამედროვე ინკლუზიური ქორეოგრაფიის ვორკშოპს. ამ ვორკშოფებზე დასწრება თავისუფალია.
ამას გარდა, ქენდუკოს ქორეოგრაფები და მოცეკვავეები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელოვნების შესაძლებლობებს და გამოწვევებს საქართველოში.