საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, საჯარო რეესტრში განულდეს "რუსთავი 2"-ის ახლანდელი მეწილეების რეგისტრაცია და ტელეკომპანია გადაეცეს ყოფილ მფლობელს — ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას შპს "პანორამას".
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესი სასამართლოს დადგენილების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. "რუსთავი 2"-ის შენობასთან სიახლეების მოლოდინში იცდიან ყველა ქართული ტელეარხის გადამღები ჯგუფები, სხვადასხვა ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები.
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას "დემოკრატიის სიკვდილი" უწოდა. "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა უკვე მიმართეს ევროპის ადამიანის უფლების სასამართლოს მოთხოვნით, შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისათვის, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ.