ეკლესიის კედელზე მიწერილი, ხატად ქცეული ლექსი დედაზე, რომელიც ბევრ ენაზე ითარგმნა

© მერაბ ბერაძის პირადი არქივიჟურნალისტი მერაბ ბერაძე
ჟურნალისტი მერაბ ბერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ცნობილი ტელეჟურნალისტის, მერაბ ბერაძის მიერ დედაზე დაწერილ ლექსს „ავუნთოთ სანთელი მშობლებს" ასეთი ისტორია აქვს: ლექსი თავის დროზე პატრიარქმა წაიკითხა, ძალიან მოეწონა, აკურთხა იგი და თქვა, რომ მას ქადაგების დროსაც მოიხსენებდა.

ამის შემდეგ დედაზე დაწერილი ეს ოდა ერთგვარ ხატად იქცა და ის ორი ქართული ეკლესიის კედელზე მიაწერეს. დროთა განმავლობაში მერაბ ბერაძის ეს ლექსი მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ითარგმნა და დაიბეჭდა.

— ბატონო მერაბ, გვიამბეთ ამ ლექსის ისტორია.

ლექსი „ავუნთოთ სანთელი მშობლებს"
ლექსი „ავუნთოთ სანთელი მშობლებს  - Sputnik საქართველო
ლექსი „ავუნთოთ სანთელი მშობლებს"

— ამბავი ასეთია: როცა მე და სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, მხატვარმა გოგი ავსაჯანიშვილმა ეს ლექსი პატრიარქს  წავუკითხეთ, საოცარი რეაქცია ჰქონდა. მან მითხრა სიტყვები, რაც ჩემთვის ყველა რეცენზიაზე მაღალი შეფასებაა: არაჩვეულებრივი ოდა დაგიწერიათ დედაზე და მე არა მარტო ლოცვა-კურთხევას გაძლევ, არამედ ამ ლექსს ქადაგების დროსაც გამოვიყენებო. მერე ცრემლები წამოუვიდა და ჩამეხვია… მისი ეს სიტყვა და მოფერება დღემდე მახსოვს. თენგიზ ნათაძე ამ ლექსს პატარა ვიდეოზე ანოტაციას უკეთებს და ამბობს, რომის აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლებშიო.

— ეს ლექსი სხვადასხვა ენებზეა ნათარგმნი…

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ეს ლექსი პირველად 2006 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა. ამის მერე, პრაქტიკულად, არ დარჩენილა გაზეთი, ჟურნალი, რადიო-ტელევიზია, სადაც ეს ლექსი არ დაებეჭდათ ან ეთერში არ გადაეცათ. ლექსი ითარგმნა და დაიბეჭდა: ისრაელში, თურქეთში,  ამერიკაში, ევგენი პრიმაკოვმა ის მოსკოვში თარგმნა, რაც ყველაზე მთავარია, ეს ლექსი ხატად იქცა და ეკლესიის კედლებს ამშვენებს — ფოთისა  და ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთის ეკლესიების კედლებს.

© მერაბ ბერაძის არქივიდანქალბატონი ქსენია კეკელიძე - მერაბ ბერაძის დედა
ქალბატონი ქსენია კეკელიძე - მერაბ ბერაძის დედა - Sputnik საქართველო
ქალბატონი ქსენია კეკელიძე - მერაბ ბერაძის დედა

— ბატონო მერაბ, მინდა, რომ რაიმე გაიხსენოთ თქვენს მუზაზე, ანუ დედაზე.

— დედა, ქსენია კეკელიძე ამ ლექსს ვერ მოესწრო, ის 93 წელს გარდაიცვალა. ძალიან ნაწვალები, ნატანჯი ქალი იყო. დედამ, რომელიც განათლებით მიკრობიოლოგი იყო, ორი ბავშვის აღსაზრდელად ფული რომ ეშოვნა, მუშაობა ჯანმრთელობისთვის მავნე საამქროში დაიწყო. იმდენად მავნესა და საშიშში, რომ იქ გაჩერება მხოლოდ ოთხი საათი შეიძლებოდა. დედა კი, ცოტა მეტი რომ ჰქონოდა ხელფასი, ერთდროულად ორ ცვლაში მუშაობდა. ასე ტანჯვით გაგვზარდა მან და გზაზე დაგვაყენა.

— ქალის შესახებ ბევრს ამბობს ის ფაქტი, თუ ვისზე გააკეთებს მთავარ არჩევანს…

— მამა, ვლადიმერ ბერაძე, 1938 წელს რეპრესიების დროს დახვრიტეს. მას მოსკოვში ტიმირიაზევის აკადემია ჰქონდა დამთავრებული. საქართველოში რომ ჩამოვიდა, სრულიად ახალგაზრდა ბიჭმა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტი დააარსა და მისი პირველი დირექტორი იყო. იქ ახლაცაა ამ ფაქტის დამადასტურებელი დაფა. ამის მერე, 33 წლისამ დაწერა პიესა, რომელიც სანდრო ახმეტელის დროს რუსთაველის თეატრში დაიდგა. მოგეხსენებათ, სანდრო ახმეტელი გენიოსი იყო და ის ცუდ პიესას არ დადგამდა. სხვათა შორის, მამა კარგად წერდა და მწერალთა კავშირის წევრიც იყო. ძალიან საინტერესო პუბლიკაციებს აქვეყნებდა. სატირულ-იუმორისტული ჟანრი იტაცებდა.

— მართალია, ლექსში ეს ჩანს, მაგრამ მაინც, კონკრეტულად რაზე გწყდებათ გული?

— გული იმაზე მწყდება, რომ დედას, როგორც საჭირო იყო, ისე ვერ მოვეფერე, მისი რჩევაც ვერ გამოვიყენე. სულ მეუბნებოდა, მამაშენს, რომელიც თავისი საქმის პიონერი იყო, ბევრი რამ აქვს გაკეთებული მეჩაიეობის დარგში, მისი კეთილი საქმეები ბევრს ახსოვს, გაყევი ამ დარგს და გზა გაგეხსნებაო.

— ისევ თქვენს ლექსს დავუბრუნდეთ, მისი ისტორია დღესაც გრძელდება.

— დიახ, სულ ახალ ამბავს გეტყვით: ჰოლანდიაში მცხოვრებმა ბიზნესმენმა თიკა სვანიძემ გადაწყვიტა, რომ ეს ლექსი ჰოლანდიაში ქართულად, რუსულად და ინგლისურად  გამოუშვას. ლექსი აფხაზურად და ოსურადაცაა ნათარგმნი და ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. იაპონურადაც ითარგმნა და ამ საქმეში დიდი სამსახური გაგვიწია არაჩვეულებრივმა ადამიანმა, იასუჰირო კოჯიმამ, რომელიც თბილისში, იაპონიის საელჩოში მუშაობს. მას სურვილი აქვს, რომ ეს ლექსი იაპონიაში დაიბეჭდოს. თუკი საკმარისი თანხა შეგროვდა, ამ ლექსის ისტორიაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვეს რეჟისორებმა: ლევან ანჯაფარიძემ, მაკა ბურდულმა, დავით ზარქუამ, გელა ჭანტურიშვილმა და მალხაზ დადიანმა.

ასე რომ, ლექსი თავის სიცოცხლეს დღესაც აგრძელებს და ეს ამბავი ძალიან მახარებს. 

ყველა ახალი ამბავი
0