ქართველი და უცხოელი ფლორისტებისთვის ეს შესანიშნავი შანსი გახდა, მიეღოთ სხვადასხვა სტილითა და ტექნიკით საქორწილო დღესასწაულის მოწყობის გამოცდილება. ამავე დროს, ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ და შეხებოდნენ ევროპულ ფლორისტულ კულტურას, აემაღლებინათ პროფესიული კვალიფიკაცია და მიეღოთ გრეგორ ლერშის გაცემული სერტიფიკატი.
დასკვნით დღეს, რომელსაც მშვენიერი მუსიკა უწევდა თანხლებას, სემინარის მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო გრეგორ ლერშის ნამუშევრები. გაიმართა თეატრალიზებული საქორწილო ცერემონია და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სპეციალურად ჩამოსულ უცხოელ ფლორისტებს ცნობილი ფლორისტის მასტერ–კლასზე დასწრების საშუალება მიეცათ.
„საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ კავკასიაში ადრეც ვყოფილვარ. ეს 55–ე ქვეყანაა, სადაც მუშაობა მომიწია. აქამდე ქართულ ფლორისტიკასთან შეხება არ მქონია, მაგრამ რუსეთში ყოფნისას ქართველი ფლორისტები გავიცანი. დავინტერესდი ამ ქვეყნით და ჩამოვედი, რათა საკუთარი გამოცდილება გავუზიარო“, – განუცხადა გრეგორ ლერშმა „Sputnik საქართველოს“.
„წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ფლორისტებს. მიმაჩნია, რომ ამ სფეროს საქართველოში დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა სახელგანთქმულმა ფლორისტმა.
ფლორისტიკის თბილისის ფესტივალის ორგანიზატორი ლუდმილა მორგოშია გრეგორ ლერშის სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული მასტერ–კლასების ხშირი სტუმარია.
„20 წელია ფლორისტიკაში ვარ და მხოლოდ გრეგორ ლერშის წიგნებისა და მისი ოსტატური მასტერ–კლასების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ფლორისტიკა – ეს მხოლოდ პროფესია კი არა, არამედ უმაღლესი ხელოვნებაა. ესაა პროფესია, რომელიც მთელ ძალებსა და ცოდნას მოითხოვს, მას უმაღლეს დონეზე უნდა ფლობდე. ანუ, როგორც ქართულად ვამბობთ, ეს ხელოსნობა კი არა, არამედ ხელოვნებაა“, – განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ლუდმილა მორგოშიამ.
მორგოშია საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს ხელმძღვანელობს, არის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიზაინერი. მან ასევე დააფუძნა ფლორისტული დიზაინის აკადემია, სადაც თავისი პირველი მასტერ–კლასი ჩაატარა მისმა მასწავლებელმა გრეგორ ლერშმა.
„იმისთვის, რომ ხელოვნების დონეს მიაღწიო, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, და რა თქმა უნდა, პრაქტიკა. თავის მასტერ–კლასებზე გრეგორი გვასწავლის, როგორ უნდა ვასწავლოთ ფლორისტიკის საგანი, როგორი არიან თავად ფლორისტები, როგორ გავაცნოთ ეს სფერო აღსაზრდელებს, რომ ისინი მთელი ცხოვრება ემსახურონ არჩეულ საქმეს“, – აღნიშნა მან.
„ფლორისტული ოსტატობა გვეხმარება ჩვენი ცხოვრების გალამაზებაში, რომ ის უფრო ფერადოვანი და მშვენიერი გახდეს“, – მიიჩნევს ლუდმილა მორგოშია.
გრეგორ ლერში (Gregor Lersch) ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფლორისტია მსოფლიოში. მისი დამოკიდებულება ფლორისტიკის მიმართ ფრიად სერიოზულია. კომპოზიციების შექმნისას ლერში არ ისწრაფვის არც მაყურებლის მოწონების, არც საკუთარი თავის გამოხატვისკენ. ის ამით გამოთქვამს იდეებს და ამტკიცებს, რომ ფლორისტიკა – ნამდვილი, ღრმა ფილოსოფიური აზრის მატარებელი ხელოვნებაა.