1 მარტს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა „მატროსოვის ციხიდან“ გამოსვლის შემდეგ, სადაც ის დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად იმყოფებოდა, განაცხადა, რომ დეკანოზმა სამართალდამცველები დაწყევლა.
„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“, — აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ფეისბუქ-სტატუსს, რომლებითაც ქართული საზოგადოება პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა.
იმე დიანი: „ხვალ პროკურორები გიშრის ჯვრებით შევლენ მამალაძესთან დაკითხვაზეო“.
გია გაბრიჩიძე: „გარდაბნელი მოლას სახლთან პროკურატურის თანამშრომლები დაფიქსირდნენ“.
გიორგი ნოზაძე: „დეკანოზ გიორგის პროკურორისთვის უთქვამს: მეხი კი დაგათხლიშე და შენი კუბო კი დავიდგი ადრე და მალეო…“
ზურა ბაუჟაძე: „ბებერი ყვავი მოვხარშე და ორთქლი არ გასვლია. მგლის ქონი ყაზბეგიდან მაქვს (იქნებ დაუმაკებელი ცხვრისაცაა, არვიცი, მე მგლისად მომცეს). 7 ჭის წყალი სამტრედიაში ავავსე. ნემსები ქემალფაშაში ვიყიდე.
კინტა ვაშლის ტოტები ჩოხატაურიდან მაქვს გზაზე წანატეხი. ფერადი ძაფები თბილისის მაუდკამვოლის ქარხნიდან დარჩენილი. ღორის პოჭოკი ღელიდან და ხუთკაპიკიანი აწ დანგრეული საბჭოეთიდან. ამ ყველაფერს ვყიდი მხოლოდ პროკურორებზე. საცალო გაყიდვები არ მოსულა. წყევლის მოხსნა მხოლოდ ამ ყველაფრის გამოყენებით შეიძლება“.
ნინო ჭელიძე: „წყევლა მაწყევარისააო, უპასუხა შეშინებულმა პროკურორმა“.