თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზების გაუქმების შესახებ რეგულაციის ხელმოწერა მიულოცა.
ოთხშაბათს ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე- ქვეყნის — მალტის წარმომადგენელმა — ინოვაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა საპარლამენტო მდივანმა კრის აგუისმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის. დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება“, — განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა ბრიუსელში.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირის ოჯახის სრულ წევრობამდე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასმედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდება. რეგულაცია ძალაში 28 მარტს შევა.
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.