მეფუტკრე ქალი ფშავიდან: მინდა მთა ისევ ახალგაზრდებით გაივსოს

გამოწერა
ალპური თაფლი საშუალო სიტკბოს და ძლიერი სასიამოვნო არომატის თაფლია, რომელიც დამახასიათებელია ალპური ზონის ყვავილებისთვის, წარმოებულია ეკოლოგიურად სუფთა, ათეულობით სამკურნალო მცენარისგან, შეუცვლელია მრავალი დაავადების სამკურნალოდ და აღადგენს ორგანიზმში სასიცოცხლო ძალებს.

სწორედ ალპურ თაფლს აწარმოებს ფშავში მცხოვრები  ხათუნა ნათობიშვილი. მან ფუტკრის გამრავლება რვა წლის უკან, 3 სკით დაიწყო. დიდი მოთმინებით, ინტერესით სწავლობდა სკების გამოცლას, დედების და ბარტყების მოვლას, თაფლის ამოღებას. ახლა უკვე 50 ძირი სკა აქვს. ამბობს, რომ ფუტკარი უფლის საჩუქარია და შვილივით უვლის. ადგილი, სადაც ქალბატონ ხათუნას ფუტკარი ჰყავს ეკოლოგიურად სუფთაა, იქ არ წამლავენ ხეხილს, ბოსტნეულს. მისი თქმით, როცა ხეხილი იწამლება, ფუტკარი ავადდება და შესაბამისად თაფლიც უხარისხოა.

© FB/ სალომე- მარიამ ცაბაურაშვილიხათუნა ნათობიშვილი
ხათუნა ნათობიშვილი - Sputnik საქართველო
ხათუნა ნათობიშვილი

–მთაში ორი ნაკვეთი გვაქვს, სადაც ძალიან კარგი საფუტკრე ადგილია. ჩემი მეზობლისგან შევიძინეთ სამი ძირი სკა. ყოველ წელს ვუმატებდი სკებს, ვამრავლებდი ფუტკარს. საოცრად აზარტული საქმეა. თავისებური ხალისი აქვს. უნდა გიყვარდეს ფუტკარი და ხალისით აკეთებდე საქმეს. მეორე წელს უკვე ექვსი ძირი გავხადე, იმის მომდევნო წელს თორმეტი და აი, უკვე რვა წელია ვუვლი, ვეფერები და ვამრავლებ ფუტკარს. 

–რამდენი ძირი სკა გაქვთ?

–ამ დროისთვის 50 ძირი სკა მაქვს. ბუნებაში უნდა იყოს ღალა, რომ ფუტკარმა მოგიტანოს შემოსავალი, ამოვიღოთ თაფლი. ზოგჯერ არის ისეთი წელიწადი, რომ მთლიან თაფლს ვიღებ. ზოგჯერ არ აქვს ღალა და გაზაფხულზე ნაყარს ვყიდი. ეს არის ჩვენი ძირითადი შემოსავალი. დანაწილებული მაქვს სკები, გაზაფხულზე ნაყარს ვყიდი, შემოდგომაზე კი თაფლს ვიღებ. თუ ძლიერი სკებია გავყოფ და ადრევე გავყიდი, რომ შემოსავალი გვქონდეს, რადგან ჩვენთან სხვა არანაირი შემოსავლის წყარო არ არსებობს, გარდა მესაქონლეობისა, მებოსტნეობისა და მეფუტკრეობისა. როცა დიდი ოჯახი გაქვს და ბავშვები გყავს, ისე უნდა ააწყო, გადაანაწილო, რომ სულ გქონდეს გარკვეული შემოსავალი. 

–ქალისთვის რთული არ არის ამ ყველაფრის გაძღოლა? გეხმარებათ ვინმე?

–ჩემი მეუღლე მესაქონლეობით არის დაკავებული. როცა ფუტკრის შეძენის სურვილი გამოვთქვი, მითხრა იმ შემთხვევაში გიყიდი, თუ შენ თვითონ მოუვლიო. მას არ აქვს იმდენი დრო, რომ ფუტკარსაც მოუაროს და პირუტყვსაც. თუ ფუტკარი გიყვარს არაფერი არ უნდა მოაკლო, შვილივით უნდა მოუარო და მთელი დრო მას დაუთმო.

–ფუტკარი საკმაოდ სპეციფიკური და რთული მოსავლელია. როგორ ისწავლეთ მოვლა?

–ვისგანაც შევიძინე ფუტკარი იმ ადამიანმა ძალიან  ბევრი რამ მასწავლა, დამაკვალიანა. შემდეგ უკვე ლიტერატურა შევიძინე და იმით ვხელმძღვანელობდი. მეორე წელს ჩემით დავიწყე მოვლა. ისეთი სიყვარული აქვს ფუტკარს, რომ თვითონ გიზიდავს სკასთან. ძველი ხალხი ამბობდა, რომ ფუტკარი უფლის საჩუქარია და მართლაც ასეა. სანთელს სწორედ აქედან ვიღებთ და ამის მეშვეობით ვუკავშირდებით უფალს. 

არის სირთულეები, მაგრამ თუ ფუტკარი გიყვარს ყველაფერი გამოგივა. შუადღით სოფელში ხალხი, რომ ისვენებს ჩვენ მაშინ მივდივართ ფუტკართან სამუშაოდ. დილის 11 საათიდან 4 საათამდე უნდა იმუშაო ფუტკართან. მერე ვეღარ იმუშავებ. ერთი დღე, რომ დაუგვიანო ფიჭის მიცემა შიძლება ჩამოგიშენონ ფიჭა და გადასაგდები გახდეს, ამიტომ უნდა მიაქციო ყურადღება. 

–ალბათ სეზონურად სხვადასხვანაირ მოვლას საჭიროებს?

–როგორც უკვე გითხარით დიდი ყურადღება სჭირდებათ. რაც მე ფუტკარი მყავს არ დამხოცვია. გაზაფხულზე აუცილებელია სკების და ჩარჩოების მომზადება, ფუტკარს მომზადებული უნდა შევხვდე. ზამთარში ფუტკარი გარეთ არ გამოდის, სკაში იღებს საკვებს. შემდეგ, როცა კუჭებს ისუფთავებს, ნარჩენები გროვდება სკაში. იქ ძალიან ბევრი ბაქტერიაა. დაგროვილი ჭუჭყის მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც გითხარით,  ძირზე რჩება უამრავი ბაქტერია, ტკიპა და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორც ადამიანს უხარია ახალ გარემონტებულ, სუფთა ბინაში შესვლა, ისე უხარია ფუტკარს ახალ სახლში შესვლა. ისინი ამ პერიოდში გამალებით, უფრო მეტი მონდომებით მუშაობენ. 

ხათუნა ნათობიშვილი: ფუტკარი ღმერთის საჩუქარია

–როგორ ამრავლებთ ფუტკარს?

–გამრავლება გაზაფხულზე ხდება. ძლიერი ოჯახები უნდა გავყოთ. როცა უკვე სკა შეივსება გამონაყარი ბუნებრივადაც ხდება. გამოდის დედა და სხვა ბინას ეძებს. როცა დედა გამოფრინდება, ახლო მახლო ხის ტოტზე იცის დახვევა. შესაძლებელია ხელოვნურად გამრავლებაც. ძლიერი სკებიდან ვიღებთ ორ–ორ ჩარჩოს და გადაგვაქვს ახალ სკაში. ძირითადად ადრე გაზაფხულზე სჯობია გამრავლება. 

–როგორც ვიცი ფუტკარს უცვლიან ადგილს. თქვენ მიგყავთ სხვა ადგილებში?

–ბარში ხეხილი იწამლება, იქ რომ ვატარო ფუტკარი თაფლი ისეთი ნატურალური აღარ იქნება, როგორც ეხლაა. ჩვენ ფუტკრის გამო არანაირ შხამქიმიკატებს არ ვხმარობთ არც ბოსტანში, არც ხეხილზე. მერე ფუტკარს უამრავი დაავადება უჩნდება, რის გამოც ვიღებთ უხარისხო თაფლს. ამიტომ მირჩევნია აქ ადგილზე მყავდეს. ჩვენი თაფლის უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს, სწორედ ამიტომ გვყავს უამრავი მყიდველი, რომ არის 100% ნატურალური. ჩემი ფუტკარი ალპურ ზონასაც სწვდება და მთასაც. იღებს ათასნაირ ყვავილსაც, ცაცხვსაც და ა.შ.

–ფუტკრის რძესაც იღებთ?

–რძეს არ ვიღებ, რადგან რძეზე მუშაობა დიდი შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. როგორც გითხარით ფუტკართან ძირითადად მარტო ვმუშაობ, ბავშვები სკოლაში სწავლობენ, ჯერ პატარები არიან, მეუღლეს თავისი საქმე აქვს და ვერ მეხმარება. რძის აღებას უნდა მუშა. სწრაფად უნდა ამოიღო, დაამუშაო, ჩაალაგო მაცივარში ყინულებთან ერთად. მე, რომ  რძე ამოვიღო მას სჭირდება თავისი ტემპერატურა, აუცილებელია მაცივარი. მყიდველსაც ყინულებში გამოკრული უნდა გაატანო. რძის ამოღება ცოტა რთულია, ამიტომ მირჩევნია ორიენტირებული ვიყო თაფლზე. 

–რას ისურვებდით, როგორი გინდათ ნახოთ თქვენი კუთხე და მთა?

–მთა დაცლილია. ახალგაზრდობა ქალაქშია წამოსული, რადგან აქ ელემენტარული პირობები არ არის. ჩვენს სოფელში 14 ოჯახი ვცხოვრობთ, მაგრამ აქედან ახალგაზრდა ოჯახი, ვისაც არასრულწლოვანი შვილები გვყავს მხოლოდ 3 ვცხოვრობთ. დანარჩენი მოხუცები არიან. მინდა იმხელა პოტენციალი იყო მთაში, რომ ხალხი დაბრუნდეს. მთა ისევ გაივსოს ახალგაზრდებით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0