ფსიქოლოგმა და ბიზნეს-ტრენერმა ნატალია გრეისმა საკუთარ წიგნში „გრეისის კანონები“ მთელი რიგი კანონზომიერებები ჩამოაყალიბა, რომლებიც დაგეხმარებათ, მეტად ბრძნულად მიუდგეთ ცხოვრებას.
ქვემოთ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.
1. განულების კანონი
ტვინს აუცილებლად სჭირდება განულება. როცა შინ დაღლილობისგან ქანცგამოცლილი ბრუნდებით, ამ დროს, რა საქმეც უნდა გქონდეთ, ერთი თუ დაჯექით, წამოდგომა გაგიჭირდებათ და შესაძლოა ასე უძრავად, მზერაგაშტერებული იჯდეთ მთელი საღამო.
ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს არაეფექტურობაში. მიეცით ტვინს დასვენების საშუალება, რათა კვლავ უცდომლად შეძლოს თქვენი ბრძანებების შესრულება. ხანდახან ტვინსაც სჭირდება გარესამყაროსგან გათიშვა, თანაც ისე, რომ იქამდე არანაირმა ინფორმაციამ არ მიაღწიოს. სწორედ ამ დროს იწმინდება ტვინი და სწორედ ესაა განულება!
2. ცრუ სიკეთის კანონი
როცა ვინმეს პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ, გვეჩვენება, რომ ამ ადამიანის ვეხმარებით. სინამდვილეში ჩვენ უფრო ვაღრმავებთ პრობლემას. როცა ლოთს სამკურნალოდ მივათრევთ, ამით მხოლოდ ვახანგრძლივებთ მის აგონიას და ტყუილად ვკარგავთ საკუთარ დროს. ის ისევ დალევს, ჩვენ კი უმადურ ღორად შევრაცხავთ მას. არადა, სჯობს ამ დროს საკუთარ თავს ვკითხოთ, ღირდა კი საერთოდ მარგალიტების კმევა, თუ ადამიანი მზად არ იყო თავისი პრობლემის გადასაჭრელად?
3. წვრილმანების ნიშანდობლიობის კანონი
ადამიანი ისეთია, როგორადაც ავლენს თავს წვრილმანებში. წელიწადში ერთხელ შესაძლოა მეფურად ხელგაშლილი იყოს, აი წვრილმანი ბუნება კი ყოველდღიურად გამოავლინოს. ამიტომაცაა წვრილმანები უფრო ნიშანდობლივი ადამიანისთვის.
4. ჩანასახის კანონი
ყველა მოვლენასა და შემთხვევას აქვს ჩანასახი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი არაა, მაინც აქვს გამრავლების უნარი. ერთ გასარეცხ ჭიქას შეუძლია გასარეცხი ჭურჭლის მთელი მთა დადგას, ხოლო კედელზე დაწერილ ერთ სიტყვას შედეგად ის მოჰყვეს, რომ ის თავიდან ბოლომდე აჭრელდეს წარწერებით. ამიტომ ყველა არასასურველი მოვლენა ჩანასახშივე უნდა ამოვიცნოთ და მისი ყველა ემბრიონი გავანადგუროთ. წვეთის შეჩერება ხომ უფრო მარტივია, ვიდრე მოვარდნილი მეწყრისა?
5. სჯობს დააკლოთ, ვიდრე გადააჭარბოთ
ეს ყველაფერს ეხება. დაასრულეთ სიტყვა მანამ, სანამ მსმენელი დაიღლება. თუ პაემანზე წახვედით, დაასწარით და დროულად დაემშვიდობეთ პარტნიორს. სტუმრად მისულს გახსოვდეთ, რომ მასპინძლები მანამ უნდა დატოვოთ, სანამ მარტო დარჩენა მოენატრებათ.
6. ერთი უღლის კანონი
ერთ უღელში შებმულ ორ ცხენს 15 ტონა ტვირთის ადგილიდან დაძვრა შეუძლია. ცალ-ცალკე კი თითოეული მხოლოდ 3 ტონას თუ გასწევს. ამიტომ, საქმეს, სულ ცოტა, ორნი შეეჭიდეთ და უფრო ეფექტურები იქნებით.
7. ჯადოსნური სიტყვის კანონი
თუ ჯადოსნური სიტყვის — „არას“ თქმას ისწავლით, ძალიან ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ნუ შესწირავთ თავს უსაგნო ურთიერთობებს ზრდილობის გამო, ნუ გაასესხებთ ფულს, როცა ამის გაკეთება არ გსურთ — სჯობს უარი უთხრათ ადამიანს დახმარებაზე, ვიდრე მერე იმაზე ფიქრით იმტვრიოთ თავი, დაგიბრუნებთ თუ არა ვალს. ან სულაც აჩუქეთ, რამდენიც შეგიძლიათ, მაგრამ არ ასესხოთ. ადამიანებს უჭირთ უარის თქმა, ვინაიდან ეშინიათ, ცუდი წარმოდგენა არ დარჩეთ მათზე. არადა, თავს ყველას ვერ მოაწონებ. ამიტომაც ისწავლეთ სხვათა ნეგატიური ემოციების იოლად გადატანა თქვენი უარის გამო… ანუ მარტივად თქვით უარი.
8. იდეალური პირობების მცდარობის კანონი
იდეალური პირობები არასდროს იარსებებს. რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცება, რომ თითქოს ხელსაყრელი ვითარება არასდროს იქმნება. იქმნება, თუმცა იშვიათად. კიდევ უფრო იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც სიბრძნე ეყოფა და გამოიყენებს მათ. ეს იმიტომ, რომ შესაძლებლობები გადასაჭრელი პრობლემების საფარველქვეშ იმალება.
9. ჯვრის კანონი
სატვირთველი ჯვარი ყველა ადამიანს მკაცრად ზურგის შესატყვისად ერჩევა.
10. ტალანტზე პოლარული რეაქციის კანონი
ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის საპირისპირო რეაქციას იწვევენ: აღფრთოვანებას ან სიძულვილს. შეუძლებელია მათი არშემჩნევა. შეუძლებელია მათი დავიწყება. ისინი ახსოვთ, უყვართ, სძულთ, მათზე ფიქრობენ და შურთ მათი. ამიტომ, ფენომენიც რომ იყოთ, ნუ გექნებათ საყოველთაო სიყვარულის იმედი. მტრები თუნდაც იმის გამო გეყოლებათ, რომ ერთბაშად ყველა ნიჭი მათ არ ერგოთ.