თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უკრაინაში მარტის ბოლოს გაემგზავრება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ეს ცნობილი გახდა იზორიასა და საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის იგორ დოლგოვის შეხვედრისას. ვიზიტის დეტალები არ ხმაურდება.
„შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გავუსვით, რომ საქართველო-უკრაინას შორის არსებული, ტრადიციული, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უნდა გაღრმავდეს. სწორედ, ამ მიზნით თვის ბოლოს იგეგმება ჩემი ვიზიტი უკრაინაში, სადაც სამხედრო სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა მოგვეცემა“, — განაცხადა ლევან იზორიამ.
იზორიასა და დოლგოვის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საჩხერის სამთო მომზადების ზამთრის სკოლაში უკრაინელი სამხედროების ჩართვა შესთავაზა.
„თავდაცვის სამინისტროებსა და უკრაინასა და საქართველოს შორის სამხედრო, სტრატეგიული და პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე მინისტრთან გაცნობის გარდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, შტაბების ურთიერთობები, ქართველ და უკრაინელ სამხედროებსა და, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროებს შორის კონტაქტები“, — განაცხადა დოლგოვმა.
მარტის მეორე ნახევარში უკრაინას ასევე საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვევა. მარტში კიევს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტუმრება.
ამასთან ერთად, მარტში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლიმკინს ელიან.