კალაძე: საქართველო აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას არ განიხილავს

გამოწერა
ოპოზიციაში საუბარი დაიწყეს იმის თაობაზე, რომ ყაზბეგისა და ზემო ლარსის ავტოტრასის ალტერნატივად აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა განიხილება.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საბაჟო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი – ზემო ლარსის“ ალტერნატივად აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას გამორიცხავს.

აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნის საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გახდა აქტუალური. ვიზიტის შედეგებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ ალტერნატივის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. სომხეთში დაბრუნების შემდეგ კარაპეტიანმა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს საქართველოსა და რუსეთთან ზემო ლარსის ალტერნატიული მარშრუტით ტვირთების გადაზიდვაზე მოლაპარაკებები დაავალა.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა ზემო ლარსის ალტერნატივა დაასახელეს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი სომხეთთან მოლაპარაკებების დეტალების გამოქვეყნებას მოითხოვენ.

„პირველად მესმის ეს საკითხი. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მთავრობაში მსჯელობაც კი არ ყოფილა ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს არის სიცრუე“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ამის პასუხად საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ოფიციალურ თბილისს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გადაჭრამდე რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0