ბელარუსის ელჩმა თბილისში ქართველ ჟურნალისტებთან გასაცნობი შეხვედრა გამართა და საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის ორგანიზების პირობა მისცა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ბელარუსის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისა და ქართული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა.
თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოში ბელარუსის ელჩის, მიხაილ მიატლიკოვისა და ქართული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა შეხვედრა ბელარუსის საელჩოში, სადაც ჟურნალისტებს ბელარუსის რესპუბლიკის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი უჩვენეს, შემდეგ კი ელჩმა დაწვრილებით უამბო მათ, თუ როგორ ვითარდება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.
დიპლომატიური მისიის მეთაურმა უახლოეს მომავალში ბელარუსში ქართველი ჟურნალისტებისთვის პრეს-ტურის მოწყობის პირობა დადო.
„ამ იდეას, ვიმედოვნებ, განვახორციელებ. კარგი იქნება, როდესაც ქართველი ჟურნალისტები ჩემს ქვეყანას ესტუმრებიან და საკუთარი თვალით იხილავენ, თუ როგორ ცხოვრობენ ბელარუსები, როგორ მუშაობენ და როგორ ისვენებენ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ერთად შევძლებთ ამ იდეის განხორციელებას და ასეთ პრეს-ტურს მოვაწყობთ ბელარუსის რესპუბლიკაში", — განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა „Sputnik-საქართველოსთან“ შეხვედრის შეჯამებაზე საუბრისას.
შეხვედრაზე ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებას.