თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდზე ჰააგაში გაემგზავრებიან, რომელიც 14-19 მაისს გაიმართება, ნათქვამია თსუ-ს Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი ნაკაშიძემ, გიორგი ბაიძემ, მარიამ ბეჟანიშვილმა და დავით ჯავახიშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების ეროვნული რაუნდი წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან სამი გუნდი იღებდა.
ღონისძიება ჩატარდა ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
სტუდენტებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. სტუდენტებმა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორის, დაცვის მხარისა და მსხვერპლთა წარმომადგენელის როლები მოირგეს. თემები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის ლეგიტიმაცია, გენოციდი და არასრულწლოვანი მეომრები.