თბილისის მოდის კვირეული ახალ ტალანტებს ეძებს

გამოწერა
თბილისის მოდის კვირეული თავის პოდიუმს ახალბედებს დაუთმობს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში შემოდგომა/ზამთრის სეზონის 25 კოსტიუმის შექმნას შეძლებენ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) ახალ ტალანტებს ეძებს — ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქესა და ნიჭიერ დიზაინერს მოდის სფეროს თბილისის მთავარ მოვლენაზე საკუთარი კოლექციის წარმოდგენის შანსი ეძლევა.

მაყურებლის, პრესისა და მოდის სამყაროს პროფესიონალების წინაშე, საკუთარი შემოქმედების წარდგენის უნიკალურ შანსს ყველა მსურველი მიიღებს. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 

ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა

კვირეულში მონაწილეობის სურვილის მქონე დიზაინერი, ხელოვანი და არტისტი ვალდებულია დაიცვას სეზონური ჩარჩოები (შემოდგომა/ზამთარი 2017) და წარადგინოს კვირეულის მიერ მოთხოვნილი შემდეგი ინფორმაცია: პირადი რეზიუმე და ინფორმაცია პროფესიონალური გამოცდილების თაობაზე, კოლექციის კონცეფცია და ესკიზები, ფოტო, ვიდეო ან Look book-ი — ბრენდის ნიმუშების თვალსაჩინო კატალოგი (არსებობის შემთხვევაში).

„თბილისის მოდის კვირეული შანსს მისცემს ნებისმიერ ნიჭიერ დიზაინერს, რომელიც გაივლის კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპს და მზად იქნება სრული კოლექციის შესაქმნელად 1 თვის ვადაში — მინიმუმ 25 კოსტიუმი, სეზონი შემოდგომა/ზამთარი 2017“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

მოდის კვირეულის ორგანიზატორები განაცხადებს მიიღებენ 2017 წლის 10 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე: newtalents@tfw.ge 

ტრადიციისამებრ, საქართველოს დედაქალაქში თბილისის მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება.

ჩვეულებისამებრ, მოდის კვირეულზე იწვევენ მოდის პოლულარულ ბლოგერებს, ხოლო მოვლენას აშუქებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა VOGUE, Elle, Barneys-ი, Harper’s BAZAAR-ი, GQ, Fabulous Muses Blog-ი და სხვები.

 

ყველა ახალი ამბავი
0