თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სათანადო სერვისით უზრუნველყოფის თემაზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენცია ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონფერენციის მონაწილეებმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა, ახლად დამტკიცებული რეგულაციები და დანერგილი სიახლეები განიხილეს.
ღონისძიებაზე გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რაც დაკავებული არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.
კონფერენცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამული თანამშრომლობის პროექტის — „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურილი ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.