თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისში წუხელ მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არის წაღებული ტაძრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ქურდობის“ მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის. მშენებლობა შემოწირულობებითა და ფონდ „ივერიის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც საოპერო ბანმა და მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა.
ტაძარს საძირკველი 2011 წლის 12 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა. სავარაუდოდ, ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეა.