თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია ორი თვის განმავლობაში დაიწყებს დედაქალაქში ახალ პროექტს — „ქალაქი-ბიბლიოთეკა“, რომელიც ქუჩებში, პარკებსა და მეტროში ელექტრონული წიგნების ტელეფონებზე, პლანშეტებსა და სხვა მოწყობილობებზე სრულიად უფასოდ გადაწერის საშუალებას იძლევა.
ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა შესაძლებელი იქნება QR-კოდებით სპეციალური სტენდებიდან, რომლებიც მთელ თბილისში გამოჩნდება. ამისთვის საჭირო იქნება Saba Reader-ის აპლიკაციის გამოყენება.
„სულ თბილისის მასშტაბით ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება. „ქალაქი—ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს“, — ნათქვამია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
პროექტის განხორციელება დაიწყო ქალაქის 50 ქუჩიდან, რომლებიც ქართველი მწერლების სახელს ატარებენ. იქ განთავსდება ელექტრონული ბიბლიოთეკები ამ მწერლების ნაწარმოებებით.
„ეს იქნება ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც ქუჩის მანიშნებელთან ერთად შეიცავს მწერლის ნაწარმოებების ჩამონათვალს და მათი ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთ QR-კოდებს“, — აღნიშნეს მერიაში.
ამის შემდეგ ბიბლიოთეკები გაჩნდება 12 პარკში, უკვე შემდეგ — მეტროში. პროცესი აპრილში დასრულდება.