საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა თბილისში შეხვედრა და ბრიფინგი გამართეს

გამოწერა

საქართველოსა და სომხეთის მთავრობის მეთაურებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტიურად განვითარების შეთანხმება დადეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ დახვდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს საქართველოს დედაქალაქში.

თბილისში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების გიორგი კვირიკაშვილისა და კარენ კარაპეტიანის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნების მეთაურებმა პრესისთვის საერთო განცხადება გააკეთეს.

„ვისაუბრეთ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებზე ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა და ა.შ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სახელმწიფოების მდგრადი განვითარების საქმეში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეუძლია მოიტანოს რეგიონალურმა თანამშრომლობამ რეგიონის ქვეყნებს შორის და, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით არსებობს განსაკუთრებული პოტენციალი. ბატონ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ჩვენ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისების მიმართულებით კოოპერაციის თაობაზე", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისმა სომეხმა კოლეგამ ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

„ჩვენ თბილისში გარკვეული იდეებით ჩამოვედით, რათა ისინი ქართულ მხარესთან ერთად განგვეხილა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მაღალ დონეზეა, და ჩვენს თანამშრომლობას დიდი პერსპექტივები აქვს", — აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს დედაქალაქს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 თებერვალს ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0