ტფილისური სახლის დიდებული მდგმური — ლევ ტოლსტოი

© Sputnik / Alexander Imedashviliასე გამოიყურება დღეს ლევ ტოლსტოის სახლი თბილისის ისტორიულ ცენტრში
ასე გამოიყურება დღეს ლევ ტოლსტოის სახლი თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ რუბრიკა „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის 1851–1852 წლებში ტფილისში ცხოვრების პერიოდზე გიამბობთ.

იგორ ობოლენსკი

„ახალ ტფილისში“, აღმაშენებლის გამზირზე დგას სახლი, რომელშიც ახალგაზრდობაში ლევ ტოლსტოი ცხოვრობდა.

უკვე მოსაღამოვებული იყო, როცა ამ სახლს მივუახლოვდი. აქ სხვა დროსაც ბევრჯერ ჩამივლია. ერთხელაც შევჩერდი და მემორიალურ დაფაზე ამოვიკითხე: „1851 წლის ნოემბრიდან 1852 წლის იანვრამდე ამ სახლში ცხოვრობდა და მუშაობდა თავის პირველ მოთხრობაზე „ბავშვობა“ დიდი რუსი მწერალი ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი“.

© Sputnik / Alexander Imedashviliმემორიალური დაფა ლევ ტოლსტოის საცხოვრებელი სახლის კედელზე
მემორიალური დაფა ლევ ტოლსტოის საცხოვრებელი სახლის კედელზე - Sputnik საქართველო
მემორიალური დაფა ლევ ტოლსტოის საცხოვრებელი სახლის კედელზე

ახლა კი ამ სახლის ზღურბლზე გადაბიჯება და იმის ნახვა მომინდა, შემორჩა თუ არა რაიმე იმ დროიდან, როდესაც აქ ცნობილი მდგმური ცხოვრობდა.

და ვნახე, რომ ამ ორსართულიან სახლში ას სამოცი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, ლევ ნიკოლაევიჩის დროს არც საქორწილო კაბების სალონი იყო პირველ სართულზე და არც კონდიციონერები ეკიდა მეორე სართულზე, მაგრამ აშკარად ამ ძველი ხის კიბეზე კი დადიოდა და ტფილისის ხედსაც სწორედ ამ ძველი ფანჯრებიდან უმზერდა.

© photo: Sputnik / რია ნოვოსტიმწერალი ლევ ტოლსტოი
მწერალი ლევ ტოლსტოი - Sputnik საქართველო
მწერალი ლევ ტოლსტოი

ამჟამად აღმაშენებლის გამზირად წოდებული და მაშინდელი მიხაილოვის ქუჩა არც XIX საუკუნეში ყოფილა წყნარი: გერმანელების დასახლებაში ცხოვრება ჩქეფდა, ეკიპაჟები დადიოდნენ, ქალაქელები მუშტაიდის ბაღისკენ მისეირნობდნენ. მაგრამ ეს ხმაური ტოლსტოის ხელს ვერ შეუშლიდა, იმიტომ რომ სახლს აივანი ჰქონდა, რომელიც ქუჩიდან არ ჩანდა და შიდა ეზოს გადაჰყურებდა. ამ აივანზე მოხვედრა მხოლოდ სადარბაზოდან შეიძლებოდა…

თბილისი-ასი წლის შემდეგ - Sputnik საქართველო
ტფილისიდან თბილისამდე – ფირზე შეჩერებული დრო

შეღამდა. შიდა ეზო ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ორ ფანჯარაში ილანდებოდა ადამიანების სილუეტები, რომლებიც, როგორც მომეჩვენა, ვახშმობას აპირებდნენ. მანქანის ფარებმა გაიელვა და წამიერად თოკებზე გასაშრობად გაფენილ ნარინჯისფერ ზეწრებს ვკიდე თვალი.

აივნიდან არაჩვეულებრივი ხედი გადამეშალა თვალწინ, ხედი, რომელსაც ალბათ თავად ლევ ნიკოლაევიჩიც გასცქეროდა. დანთებული სანთლის მსგავსი მამა დავითის ეკლესიის შუქით განათებული მთაწმინდა მთელი თავისი დიდებულებით მოჩანდა. ამდენი წლის განმავლობაში აქ უამრავი შენობა შეიძლებოდა გაჩენილიყო და ეს ხედი დაეფარა, მაგრამ არა. საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა, ზოგი ადგილი კიდეც დამახინჯდა აწოწილი ცათამბჯენებით, მაგრამ ტოლსტოის სახლის აივნიდან ყველაფერი ძველებურად მოჩანს.

და უცბად წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა მწერლის დილა: თბილი ტფილისური შემოდგომა, უკვე ზამთარში გარდამავალი, აივნის რიკულებს შემოხვეული ოქროსფრად აელვარებული ვაზის ფოთლები, მეზობლების ხმამაღალი საუბარ-გადაძახილი აივნიდან აივანზე, ახალგაზრდა ოფიცრის ბინაში მაგიდაზე გაშლილი ხელნაწერები, მოშორებით კი, მთაწმინდაზე – მონასტერი და გრიბოედოვის საფლავი…

© Sputnik / Alexander Imedashviliლევ ტოლსტოის სახლი თბილისის ისტორიულ ცენტრში
ლევ ტოლსტოის სახლი თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
ლევ ტოლსტოის სახლი თბილისის ისტორიულ ცენტრში

ტოლსტოი ტფილისში ჩამოსვლისთანავე ავად გამხდარა და მთელი სამი კვირა ლოგინში გაუტარებია ციებ–ცხელებით გაწამებულს. სამაგიეროდ, ფეხზე რომ წამომდგარა, სრულად შეუტკბია ტფილისის მომნუსხველი მაგია. ერთ–ერთ წერილში წერდა:

„ტფილისი ცივილიზებული ქალაქია, პეტერბურგს ბაძავს — ზოგჯერ წარმატებითაც. საზოგადოება რჩეულია და დიდი, არის რუსული თეატრი და იტალიური ოპერა, სადაც დავდივარ კიდეც, როცა ჩემი მწირი სახსრები ამის საშუალებას მაძლევს“.

ლეც ტოლსტოი ტფილისში სამუდამოდ დარჩენასაც კი ფიქრობდა. ამაზე მისი წერილიც მეტყველებს, სადაც წერს: „გადავწყვიტე კავკასიაში დარჩენა. არ ვიცი, სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში თავად ვორონცოვთან“.

თუმცა ბოლოს ტოლსტოიმ ტფილისი მაინც დატოვა, მაგრამ გამუდმებით იხსენებდა. აბა, სხვანაირად როგორ?! ეს ქალაქი ხომ არავის არასდროს ავიწყდება.

და, აი, ახლა მე გერმანელების ძველი ქუჩის ძველი სახლის აივანზე ვდგავარ. ღამე მრუმედ მოიპარება, მთაწმინდაზე კი კვლავ სანთლად ანთია დავითის ტაძარი და ვფიქრობ: ხომ არ დავრჩე თბილისში სამუდამოდ?

ასეთი აზრი თბილისში ჩამოსულ ბევრ მოგზაურს ებადება — ალბათ ირგვლივ გამეფებული უჩვეულო სილამაზისა და ამ მშვენიერების ისტორიული შლეიფის გამო…

ყველა ახალი ამბავი
0